ლეგიონს სანიკიძემ ორმაგი დუბლით ულიდერა

ლეგიონს სანიკიძემ ორმაგი დუბლით ულიდერა

როგორც იქნა, ვიქტორ სანიკიძემ სრულად წარმოაჩინა ის შესაძლებლობები, რაც მას გააჩნია. ამპლუით მსუბუქი ფორვარდის კვალობაზე სანიკიძეს საკმაოზე მეტი მოხსნები აქვს, თუმც იტალიაში თავისი ეს კოზირი წუხანდლამდე ვერ გამოავლინა. გუშინ მისმა ვირტუსმა „ჩიმბერიო 78:68 დაამარცხა და სანიკიძეს ანგარიშზე12 ქულა და 15 მოხსნა, ანუ ორმაგი დუბლი დაგროვდა.
“ვირტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ლარდო ლინომ ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა და ჩვენებურს 36 წუთი დაუთმო.
ვიქტორმა შანსი ჩინებულად გამოიყენა და სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. სანიკიძემ 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და ორი საჯარიმო კი მიზანს მიღმა სტყორცნა. ქართველმა მხოლოდ ერთი ჯარიმა მიიღო, მეტოქეები კი მასზე სამჯერ დაჯარიმდნენ. განსაკუთრებით გამოსარჩევი “ვიკას” 15 მოხსნაა, მაშინ, როდესაც ჯამში “ვირტუსმა” 33 მოხსნა მიითვალა.  
 

ვიქტორ სანიკიძემ ფარზე არავინ გაახარა
 
ბოლონიელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მართალია, შესვენებაზე მხოლოდ სამქულიანი უპიარატესობით გავიდნენ, გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ.4 მოგებითა და 2 მარცხით „ვირტუსმა“ მე-6 ადგილს უწია.
წარმატებული დღე ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილსაც, რომელსაც “კანტუს” დამრიგებელი ანდრეა ტრინჩიერი 34 წუთს ენდო, თუმც გუნდმა მთლიანობაში ვერ იყოჩაღა. მილანის “არმანი ჯინსთან” გასვლით მატჩში ქართველი კალათბურთელის გუნდი 53:73 განადგურდა, მანუმ კი 17 ქულა მიითვალა და სტუმართა რიგებში საუკეთესესო მაჩვენებელი ჰქონდა.
მარკოიშვილმა კანტუელთა სასტარტო ხუთეულში იასპარეზა და 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
“კანტუს” მარცხი ფარზე უხეირო თამაშმა განაპირობა. სტუმრებმა 41 მოხსნის წინ მხოლოდ 23 ბურთი მოხსნეს და ცხადია, გამარჯვებაზე ფიქრი გაუჭირდებოდათ.
მანუჩარის გუნდს 4 გამარჯვება შერჩა და სანიკიძის “ვირტუსს” კვალში უდგას.
6 გამარჯვებით იტალიის ჩემპიონატის სათავეში იმყოფება ნიკა მეტრეველის “მონტეპასკი”. სიენელებმა “ანჯელიკო ბიელასთან” გასვლით მატჩში 80:72 იმარჯვეს, ქართველი კალათბურთელი კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.
ესპანეთის ჩემპიონატში ჩინებული თამაში ჩაატარა ტაირონ ელისმა. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა კატალონიურ “ბარსელონასთან” მატჩში ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა, თუმცა, ბილბაოს “ბისკაიასთან” მატჩისთვის მომჯობინება შეძლო.
ელისის “კახასოლმა” ბილბაოელებს 70:64 სძლია, ტაირონმა კი 31 წუთს ითამაშა და 20 ქულა და 1 პასი მიითვალა. სევილიელთა გამთამაშებელმა 8-დან 4 სამქულიანი, ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, რაც მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
3 მოგებითა და 4 მარცხით “კახასოლმა” მე-12 საფეხურს უწია.
6 გამარჯვებით მხოლოდ ლიდერ “ბარსელონას” ჩამორჩება “ვალენსია”, რომელმაც “ლაგუნ აროს” 75:71 მოუგო. ვალენსიელთა განაცხადში ამჯერად ვერ მოხვდა თორნიკე შენგელია, სამაგიეროდ, სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა ესპანური კლუბის მეორე ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი გიორგი შარაბიძე.
სამწუხაროდ, ვალენსიელთა თავკაცმა ნევინ სპაჰიამ მოედანზე გასვლის საშუალება მხოლოდ ცხრა მოთამაშეს მისცა, რომელთა შორის შარაბიძე ვერ მოხვდა.