ლეგიონური ამბები: ესპანეთში ქართულმა დერბმა არ გაამართლა

გასული უქმეების მთავარი ლეგიონერული ამბავი ესპანურ პრიმერადივიზიონში გამართული “ქართული დერბი” გახლდათ. ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ საქართველოს ნაკრების წევრთა გუნდები: ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ფუენლაბრადამ” ვლადიმერ ბოისას “მენორკას” უმასპინძლა.
 

ბოისას ლეო მაინოლდი უფარებს

ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ქართველი გულშემატკივრისთვის, თუმც უშუალოდ ამ შეხვედრაში მომხდარე ამბები დიდად გასახარი ვერ იქნება მათთვის. ბოისამ სეზონის ერთ–ერთი უსუსტესი მატჩი ჩაატარა – მოედანი უქულოდ დატოვა, არადა, ბურთის ჩაგდების 6 მცდელობა ჰქონდა – ვოვამ 4 ორქულიანი და 2 სამიანი ააცილა. მან მოედანზე მთლიანობაში 17 წუთი დაყო და თითო მოხსნა–პასს დასჯერდა.
 

ბოისას “უენლაბრადასთან” იღბალმა ზურგი აქცია
უკეთესად ითამაშა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, თუმცა მის გარჯას წინა, “ბარსელონასთან”  სადებიუტო მატჩს ვერც შევადრით. “ცქიტომ” ბოლოსწინა ტურში კატალონიურ გრანდს 21 ქულა ჩაუგდო, საიდანაც 18 სამქულიანებით შეაგროვა(ანუ 6 შორი სროლა ჩააგდო). ამჯერად ნიკას ანგარიშზე მხოლოდ 2 სამიანია, რომლის მითვლასაც მან 4 ცდა დააჭირვა.
ცქიტიშვილმა 20 წუთი გაატარა მოედანზე და საბოლოოდ მისმა მონაგარმა 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეადგინა. შეხვედრა კი მასპინძელმა “ფუენლაბრადამ” 91:80 მოიგო და 17–გუნდა პრიმერადივიზიონში მე–9 ადგილზეა. რაც შეეხება ბოისას გუნდს, “მენორკას” 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს და ბოლო ადგილზეა.
 

ტაირონ ელისიც ამაოდ დაშვრა
 
პრიმერადივიზიონში მესამე, ეგრედ წოდებული, ჩვენიანი თამაშობს, თუმც ვერც ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა ტაირონ ელისმა გამოიჩინა გასულ ტურში თავი. მისი “კახასოლი” ბილბაოში 65:70 დამარცხდა, ელისის ანგარიშზე კი 20 წუთში მოგროვებული 4 ქულა და 5 მოხსნა იყო.
 უკრაინაშიც მორიგი ტური გაიმართა და იქ კვლავ “ბკ კიევის” ჰეგემონია დგას. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ამჯერად “სუმიხიმპრომი” დაამარცხა. ეს ის “სუმიხიმპრომია”, რუსთავული “ენერჯი–ინვესტი” რომ გამოთიშა ევროჩელენჯის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპიდან. ჰოდა, მარკოიშვილმა, ასე ვთქვათ, შური იძია სუმელებზე – კიეველებმა “სუმიხიმპრომი” მისსავე მაყურებლის თვალწინ შეარცხვინეს –110:70 სძლიეს.
მარკოიშვილმა 25 წუთი ითამაშა და მოიხედავად იმისა, რომ ბევრი ქულა არ დაუგროვებია, მაინც საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. 6 ქულასთან ერთად “მანუმ” 6 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
 

მანუჩარ მარკოიშვილი
 დაბოლოს, ოკეანის გაღმა მოთამაშე ერთადერთ ქართველზე ვთქვათ: ზაზა ფაჩულია 3 წლის წინ “ატლანტაში” როცა მივიდა, ეს გუნდი სულს ღაფავდა და თვეზე მეტი უნდა ეცადა, კინკილა გამარჯვება რომ მოეპოვებინა. ახლა კი, ფაჩულიას ბოლო საკონტრაქტო სეზონში, ატლანტელმა “ქორებმა” ბრჭყალები გამოაჩინეს და სეზონი არნახული შემართებით დაიწყეს. ჯორჯიელებმა რეგულარული ჩემპიონატის სადებიუტო ორ გამარჯვებას ბოლო 3 დღეში კიდევ 2 მიუმატეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო შედეგი აქვთ.
 

ზაზა ფაჩულია
სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ თუკი ქართველმა ცენტრმა სადებიუტო 2 მატჩში შედეგიანად ითამაშა, ბოლო ორ შეხვედრაში მისი წილი შედარებით მოკრძალებული.
7 ნოემბრის საღამოს ატლანტელებმა შინ “ტორონტო” 110:92 დაამარცხეს და ფაჩულია მოედანზე მხოლოდ 12 წუთით გამოჩნდა. ზაზამ ორი ორიანიდან ერთი ჩააგდო, რასაც თითო–თითო მოხსნა,პასი და დაკარგვა მოაყოლა. დღეს გამთენიისას კი “ქორებმა” უკვე “ოკლაჰომა” “დაკორტნეს”, სადაც ზაზა ფაჩულია ხუთეულის წევრად მოგვევლინა. ეს გამოწვეული იყო ატლანტელთა ლიდერის, ჯოშ სმიტის ტრავმით, თუმც ხუთეულში ყოფნა რომ ხანგრძლივი თამაშის გარანტი არაა, ეს ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა. ფაჩულიამ მოედანზე მთლიანობაში 9 წუთი დაყო და 6 ქულასთან ერთად 5 მოხსნა მიითვალა.
თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა და ატლანტელებმა ბოლო წუთებზე მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – 89:85.