ლეგიონური ამბები: მარკოიშვილისა და ცქიტიშვილის გუნდებმა შიდაჩემპიონატებში იმარჯვეს

 
 ესპანეთის პრიმერადივიზიონში ნიკა ცქიტიშვილის “ფუენლაბრადამ” გუშინ “ბრუესას” საკუთარ მოედანზე დაიბრიყვა და ამაში გამორჩეული წვლილი ქართველმა ფორვარდმა შეიტანა. “სკიტამ” თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 26 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 17 ქულა, 5 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეაშველა.
ცალკე გამოსარჩევია ქართველის ზუსტი ტყორცნების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი – მან სამჯერ ისროლა სამქულიანი და სამივე ცდა შედეგიანი გამოუვიდა, საშუალო დისტანციიდან კი ექვსჯერ ტყორცნა და აქედან ოთხმა მიზანს უწია.
“ფუენლაბრადას” უპირატესობა და საბოლოოდ 33 ქულის სხვაობით გამარჯვება – 108:75.
 
 
ნიკა ცქიტიშვილი მეტიქეს ბურთს ეცილება 
გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკი” გუშინ ბალტიის ლიგის შეხვედრაში კაუნასის “ჟალგირისს” მასპინძლობდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
საწყის მეოთხედში როკერები მეტოქეზე უკეთ ირჯებოდნენ და 5-ქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს. მომდევნო ათწუთეულში ინიციატივა “ჟალგირისის” მხარეს გადავიდა და დიდი შესვენების წინ მასპინძელთა უპირატესობა მინიმუმამდე შემცირდა. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც კაუნასელებმა 12 ქულით მოიგეს და ანგარიშში სოლიდურად დაწინაურდნენ. დასკვნით მეოთხედში ტარტუელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ჩამორჩენა უმნიშვნელოდ შეამცირეს. საბოლოოდ “ჟალგირისმა” 76:67 იმარჯვა.
მატჩი ძირითად ხუთეულში დაიწყო საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ. მან შეხვედრა თითქმის შეუცვლელად ჩაატარა, მოედანზე 38 წუთი გაატარა და როკერთა აქტივში 13 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა შეიტანა. სხვათა შორის, ცინცაძე ბალტიის ლიგის საუკეთესო მეპასეა. იგი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 5.63 შედეგიან გადაცემას ასრულებს. რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძეს, მას მწვრთნელებმა 21 სათამაშო წუთი აკმარეს და “ვიკამ” 8 ქულა (5-დან 4 ორქულიანი) და 3 მოხსნა მიითვალა.
ამ მარცხის შემდეგ “როკს” მოგება-წაგებების ბალანსი გაუთანაბრდა – 4:4. სადღეისოდ ტარტუელებს ბალტიის ლიგაში მეხუთე ადგილი უკავიათ. თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე წინ მდგომ “ბარონსსა” და “შაულიაიზე” ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
 

მანუჩარ მარკოიშვილი 
 
უკრაინის საკალათბურთო ჩემპიონატის წინა ტურში, “დონეცკთან” განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ, მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმა” გუშინ მორიგი გამარჯვება გაიფორმა. წინა დამარცხების გამო გულმოსულმა დედაქალაქელებმა “ნიკოლაევთან” საშინაო შეხვედრაში თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და მეტოქეს წარმატების მინიმალური შანსიც არ დაუტოვეს.
კიეველებმა პირველი მეოთხედი 9 ქულით მოიგეს, დიდი შესვენების წინ კი სხვაობა უკვე 21 ქულა იყო – 49:28. მარკოიშვილი და მისი თანაგუნდელებს არც ამის შემდეგ მოდუნებულან და საბოლოოდ მეტოქე 36 ქულით ჩამოიტოვეს – 101:65. მარკოიშვილმა მოედანზე 31 წუთი დაყო და საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა: 14 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება. “ბკ კიევი” უკრაინის ჩემპიონატის ლიდერია და მდევარ “აზოვმაშს” ქულით უსწრებს