ევროპის ჩემპიონატზე 2 ტური მიილია. C ჯგუფში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტარდება და სადაც საქართველო ასპარეზობს, დიდი დაძაბულობაა. ერთპიროვნული ლიდერი საბერძნეთია, რომელმაც გუშინ მასპინძელი ხორვატია დაძაბულ მატჩში – 72:70 დაამარცხა.
საბერძნეთი 2-დან 2 მოგებით პირველ ადგილზეა, რომლის შემდეგაც ზედიზედ 4 გუნდს თითო მოგებ-წაგება აქვს. ესენი არიან სლოვენია, მაკედონია, ჰოლანდია და ხორვატია. ბოლოს საქართველოა 2 წაგებით.
მიუხედავად ამისა, ქართველებს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვთ. ამისთვის იგორ კოკოშკოვის გუნდმა მაკედონიას მინიმუმ 5 ქულით უნდა მოუგოს, ხოლო თავად მაკედონიამ და ჰოლანდიამ დარჩენილ მატჩებში გამარჯვება ვეღარ უნდა მოიპოვონ. დიდი სენსაცია იქნება, ამ გუნდებმა ეს რომ მოხერხონ, რაგან ჰოლანდიას საბერძნეთთან, ხორვატიასა და სლოვენიასთან აქვს სათამაშო, ხოლო მაკედონია ზემოთნახსენებ საქართველოსთან ერთად ხორვატიასა და სლოვენიას ხვდება.
დღეს ზაგრების გუნდები ისვენებენ. საქართველოს ნაკრები „ზაგრებ-არენაზე“ 18:30 საათზე ივარჯიშებს.
5 სექტემბერი საქართველო – ჰოლანდია 72:73 მაკედონია – საბერძნეთი 65:85 ხორვატია – სლოვენია 80:73
6 სექტემბერი ჰოლანდია – მაკედონია 71:78 სლოვენია – საქართველო 79:68 საბერძნეთი – ხორვატია 72:70