ლიტვა იტალიასაც გასცდა და ნახევარფინალშია

ლიტვა იტალიასაც გასცდა და ნახევარფინალშია

ლიტვა ნახევარფინალშია. საქართველოს ნაკრებთან ბეწვის ხიდზე გავლილი და დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულით გამარჯვებული ლიტველები იტალიელებს შეასკდნენ და დამატებით დროში – 95:85 დაამარცხეს.
ლიტვა მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა, თუმცა მცირედით და მთლიანობაში თამაში თანაბარი იყო. იტალიელებმა რამდენჯერმე მოახერხეს დაწინაურება, მაგრამ დროებით. მთლიანობაში, ლიდერი 10-ჯერ შეიცვალა, ხოლო ბოლო წუთზე დანილო გალინარიმ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში 79:79 გახდა.

დამატებით დროში ლიტველებმა იტალიელები საბოლოოდ გატეხეს. „სკუადრა აძურამ“ ვერ გამოიყენა ის იარაღი, რის წყალობითაც აქამდე მოვიდა. შორი სროლები უკეთესად ლიტველებმა შეასრულეს, რომლებმაც იტალიაზე 3-ით მეტი, 11 სამქულიანი ჩააგდეს. ბალტიელებს დამატებით ფარქვეშაც ჰქონდა დასაყრდენი. ზაზა ფაჩულიასგან ჩაგრულმა იონას ვალანჩუნასმა ფრთები გაშალა და 26 ქულას 15 მოხსნა მიაბა.
ერთი სიტყვით, საქართველოსთან მერვედფინალში გამძვრალი ლიტვა იტალიასაც გასცდა და ნახევარფინალში სერბეთს დაუპირისპირდება. სერბებმა თავის მხრივ მეოთხედფინალში ჩეხეთი დაამარცხეს – 89:75. მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის 3 საგზურს გაითამაშებენ. ლატვია საბერძნეთს შეხვდება, ხოლო იტალია – ჩეხეთს. მოგებულები საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურებს მოიპოვებენ, ხოლო წაგებულები ერთმანეთს ბოლო საგზურისთვის დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება საჩემპიონო რბოლას, მეორე ნახევარფინალში საფრანგეთი და ესპანეთი შეერკინებიან.