მაიკლ დიქსონი საბერძნეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნაურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა ათენის აეკ-ს პაოკ-თან ულიდერა და ბრინჯაოს სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 მოაგებინა.
სერიის საწყის ორ მატჩში დიქსონს იდენტური მონაგარი (11 ქულა, 9 პასი) ჰქონდა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 32:51 წუთი გაატარა და 19 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დიქსონმა 10-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
დიქსონმა საკლუბო სეზონი დაასრულა და მცირე დასვენების დრო ექნება, ივლისის მე-2 ნახევრიდან კი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს.