დასანანი მარცხი იწვნია მაიკლ დიქსონის აეკ-მა. ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩში ბერძნული გუნდი იტალიაში „სასარის“ შეხვდა და 2 ქულით – 78:80 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა მოედანზე 36:32 წუთი გაატარა და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. დიქსონმა 5-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო და 18 ქულას 2 მოხსნა და 4 პასი წაამატა. მაიკლმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და სარგებლიანობის კოეფიციენტის (15) მიხედვით, მხოლოდ როკო ლენი უკიჩს (16) ჩამორჩა. ხორვატი კალათბურთელის მონაგარი 16 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი იყო.
აეკ-ს ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და მე-4 ადგილზე იმყოფება. ბერძნული კლუბი მომდევნო მატჩს 10 იანვარს, შინ, გერმანული “ლუდვიგსბურგთან” გამართავს.