აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში გამართული სამი მატჩიდან ყველაზე
დაძაბული „ნიკესა“ და „მაკაბის“ დაპირისპირება გახლდათ. მაკაბელებმა ბოლო წუთებში
მოახერხეს მობილიზება და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
პირველი ტაიმის შემდეგ „ნიკე“ 7 ქულას იგებდა. ჩინებულად თამაშობდნენ
გიორგი ტეტელაშვილი და ლუკა ჭოხონელიძე. მართალია, ეს უკანასკნელი შორიდან მიზანში
ვერ არტყავდა (8–დან ყველა სროლა გააცუდა), მაგრამ საშუალო და ახლო დისტანციებიდან
ყოჩაღობდა და „ნიკესაც“ დიდი შესვენებისთვის საქმე კარგად ჰქონდა.
თუმცა შემდეგ ძმები რევაზიშვილების დრო დადგა. განსაკუთრებით გიორგი
გამოირჩა, რომელმაც ფარქვეშ არავინ გაახარა და საბოლოოდ 22 მოხსნა მოაგროვა, რასაც
29 ქულაც მოაყოლა. მისი აქტიურობის შედეგად დანარჩენი მაკაბელებიც გამოფხიზლდნენ
და ბოლო მეოთხედში „მაკაბიმ“ მოახერხა წამოწევა. საფინალო სირენამდე ორიოდ წუტით
ადრე ანგარიში თანაბარი იყო, როცა მაკაბელმა გიორგი მიგინეიშვილმა „ნიკეს“ წელში
გამტეხი სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ბედიც მალევე გაირკვა.
თბილისის „დინამომ“ ლამის პირველივე მეოთხედში გაარკვია სტუ–სტან
ურთიერთობა. დავით თორთლაძის გუნდმა საწყისი ათწუთეული 24:5 დაჯაბნა ტექნიკოსები,
ხოლო დიდი შესვენებისთვის საერთოდ გამანადგურებელი სხვაობით გალიდერდა – 50:13.
დინამოელებს ულიდერა გიორგი ნანიტაშვილმა, რომელმაც 22 ქულა, 8 მოხსნა
და 7 პასი მიითვალა. შედეგიანი იყო დინამოელთა მეორე უკანახაზელიც – გიორგი
გლოველმა 16 ქულა, 6 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა.
დაბოლოს, „სამედიცინოს“ გამარჯვებაზეც ვთქვათ. სოხუმელებმა პირველ
მეოთხედში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მედიკოსებს, თუმცა მერე ვერაფერი მოუხერხეს ბექა ბექაურს,
რომელმაც ფარქვეშ ყველა დაჩრდილა და 18 ქულას 19 მოხსნაც მოაყოლა და შთამბეჭდავი
ორმაგი დუბლი მიითვალა. განსაკუთრებით გამოსარჩევია მის მიერ მეტოქის ფარზე
მოხსნილი 10 ბურთი, რიტაც ბექაური მედიკოსებს განმეორებითი შეტევის შანსს ჩუქნიდა.
მეორე მეოთხედი 10 ქულით მოიგო „სამედიცინომ“, მესამეში 9–ით იმარჯვა
და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 20–ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც საბოლოოდ
ხელიდან აღარ გაუშვა და მორიგი გამარჯვება იზეიმა.
შედეგად, ცხრილში საინტერესო ვითარება შეიქმნა: მოწინავე 4 გუნდს
11–11 ქულა მოუგროვდათ, რომელთაგან „ქუთაისს“ ერთით მეტი მატჩი აქვს გამართული.
ამ ტურის ბოლო მატჩი დღეს, 12 თებერვალს, რუსთავში გაიმართება, სადაც ადგილობრივ
გუნდს „ჰიუნდაი“ დაუპირისპირდება.