ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფი საქართელოს ეროვნული ნაკრების მეტოქე მაკედონიამ სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ექსიუგოსლავიელები შეკრებას 25 ივლისს იწყებენ, მათმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა კი ის 24 კანდიდატი დაასახელა, რომლიდანაც ევრობასკეტისთვის 12-ს შეარჩევს.
ამ 24 კანდიდატში ნახავთ ყველას, ვისაც მაკედონიის ნაკრების ბოლო წარმატებები უკავშირდება. უფრო ზუსტად, კანდიდატთა შორის მოხვდა იმ გუნდის ბირთვი, რომელმაც 2011 წელს ლიტვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გააღწია. ამ ბირთვს არ უთამაშია 2013 წლის ევრობასკეტზე, სლოვენიაში, სადაც მაკედონიამ დიდს ვერაფერს მიაღწია და ჯგუფში ჩარჩა, ძველმა ლიდერმა – ვლადო ილიევსკიმ კი სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადა.
ილიევსკი, რომელიც 35 წლისაა და ხორვატიულ ციბონაში თამაშობს, მაკედონიელთა გაფართოებულ შემადგენლობაშია, ისევე როგორც 33 წლის პერო ანტიჩი, რომელსაც 2014 წლის ზაფხულში ევროსაკვალიფიკაციო ციკლში ნაკრებში არ უთამაშია. ანტიჩი უდიდესი ძალაა. მან ჯერ ევროპაში თამაშით მოიხვეჭა სახელი და უკვე მეორე სეზონია ოკეანგაღმა, ატლანტა ჰოუქსში თამაშობს და მართალია, შთამბეჭდავი სტატისტიკით (5.7 ქულა, 3.1 მოხსნა საშუალოდ) არ გამოირჩევა, შავი მუშაა და ნებისმიერი ფორმაციის გუნდში მისგან სარგებლის მიღება შეიძლება.
24 კანდიდატში დასახელდა 35 წლის რიგიანი ფორვარდი გეორგი ჩეკოვსკი და 34 წლის ნაკლებად ცნობილი უკანახაზელი დიმიტარ მირაკოვსკიც. თუმცა ეს არაფერი, ბალკანელები ვა-ბანკზე წავიდნენ და გუნდში უხმეს მაკედონიელთა აფროამერიკელ „შავ მარგალიტს“, ლიტვაში მაკედონიელთა ნახევარფინალამდე მხრებით მიმყვან ბო მაკალებს. სწორედ მაკალები იყო, 2011 წლის ევრობასკეტზე, მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ბოლო წამზე 2-ქულიანი რომ ჩაუგდო და მაკედონიას 65:63 მოაგებინა.
მაკალები, ანტიჩი და თითქმის 2011 წლის შემადგენლობა იყო 2 წლის შემდეგ სლოვენიაში გამართულ ევროპირველობაზე, თუმცა მაკედონიელებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს. სლოვენიის წარუმატებელი ევრობასკეტის შემდეგ მაკედნიელთა შემადგენლობა ძირფესვიანად გადახალისდა – როგორც ვთქვით, ილიევსკიმ საკაკრებო კარიერის დასრულებაზე გამოაცხადა, რომელთან ერთადაც ჩეკოვსკი, გეჩევსკი და ბო მაკალები 2014 წლის ევროშესარჩევ ციკლში მაკედონიელთა შემადგენლობაში არ გამოჩენილან. გუნდში რამენიმე ახალი სახე გამოჩნდა, ნატურალიზებული მოთამაშის ადგილი კი ამერიკელმა რიჩარდ ჰენდრიქსმა დაიკავა, რომელიც წლევანდელ გაფართოვებულ შემადგენლობაშიც არის და ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად მაკალების კონკურენტია.
ჰენდრიქსი ცენტრია და გასულ სეზონში VTB-ლიგაში კრასკოდარის ლოკომოტივ-ყუბანის ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 11.2 ქულას და 10.7 მოხსნას აგროვებდა. მაკედონიელთა მწვრთნელმა ნატურალიზებული მოთამაშისთვის ძირითადში გამოყოფილ 1 ადგილზე ან გამთამაშებელი ჯო მაკალები უნდა აიყვანოს, ან ცენტრი რიჩარდ ჰენდრიქსი.
მაკედონიელებს საკმაოდ დატვირთული მოსამზადებელი გრაფიკი აქვთ. 25 ივლისს რომ შეიკრიბებიან, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 4 ამხანაგურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. მაკედონია ევრობასკეტზე ჯგუფში საქართველოს, ჰოლანდიის, საბერძნეთის, ხორვატიისა და სლოვენიის ნაკრებებთან მოხვდა. ქართულ-მაკედონიური ჯახი ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში, 9 სექტემბერს შედგება.
მაკედონიის ნაკრების 24-კაციანი გაფართოვებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ვლადო ილიევსკი (“ციბონა”, ხორვატია), ანდრეი მაგდევსკი (“კლინიკას რინკონი”, ესპანეთი), ლესტერ ბო მაკკალები (“ბაიერნი”, გერმანია), ალეკსანდარ კოსტოსკი, დიმიტარ კარაძოვსკი, მარიან იანესკი (ყველა – “კუმანოვო”), კირილ ნიკოლოვსკი, პრედრაგ სამარძისკი, ლუბომირ მლადენოვსკი (ყველა – “სკოპიე”), ვლადიმირ ბრცკოვი (“კოზუვი”), ბოიან ტრაიკოვსკი (“პრიშტინა”, კოსოვო), სტოიან გუროვსკი (“ლევსკი”, ბულგარეთი), პერო ანტიჩი (“ატლანტა”, NBA), ბოიან კრსტევსკი (“კავალა”, საბერძნეთი), რიჩარდ ჰენდრიქსი (“ლოკომოტივ ყუბანი”, რუსეთი), ნენად დიმიტრიევსკი (“ხუვენტუტი”, ესპანეთი), ანდრეი მასლინკო (“სტელა აძურა”, იტალია), დიმიტარ მირაკოვსკი, დარკო სოკოლოვი, ივიცა დიმჩევსკი, გეორგი ჩეკოვსკი (ყველა – “რაბოტნიჩკი”), ვოიდან სტოიანოვსკი (“მორაბანკ ანდორა”, ესპანეთი), დამიან სტოიანოვსკი, მარკო სიმონოვსკი