მამუკელაშვილის 6 ქულა და 6 მოხსნა 15 წუთში

მამუკელაშვილის 6 ქულა და 6 მოხსნა 15 წუთში

სანდრო მამუკელაშვილს ნბა-ში საშუალოზე მეტი სათამაშო დრო მიეცა და მილუოკი ბაქსის ქართველმა წევრმაც დამაჯერებლად ითამაშა. ეს მოხდა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც შარლოტ ჰორნეტსმა მილუოკის უმასპინძლა და 96:105 დამარცხდა. 

მილუოკის შარლოტთან მთავარი ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო ვერ დაეხმარა, რომელსაც წინა, ლეიკერსთან გამართული მატჩის შემდეგ მუხლმა შეაწუხა. ამის მიუხედავად, სტუმრებს ჰორნეტსთან შეხვედრაში პრობლემა არ ჰქონიათ – თავიდანვე მოიპოვეს ანგარიშში უპირატესობა და ბოლომდე შეინარჩუნეს. 

სანდრომ არასრული 15 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შარლოტში ყველაზე მეტი ქულა ტერი როზირმა მიითვალა (26), ორმაგი დუბლი ჰქონდა მეისონ პლამლის (13 ქულა, 11 მოხსნა). გამარჯვებულებს 20 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით ბობი პორტისმა ულიდერა. 

მილუოკი ბაქსს 22 თამაშიდან 16 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 დეკემბერს, სტუმრად ორლანდო მეჯიქთან გამართავს.