ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენციაში (Big East) მოასპარეზე “სეტონ ჰოლმა”, რომლის ღირსებასაც 20 წლის სანდრო მამუკელაშვილი იცავს, კიდევ ერთ სოლიდურ გუნდს – “მიჩიგან სტეიტ სპარტანსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 73:76 დამარცხდა. ამ მატჩამდე ორივე გუნდი დაუმარცხებელი გახლდათ და წარმატებული სერია მიჩიგანელებმა გააგრძელეს. “სპარტანსი” სტუდენტური ლიგის კიდევ ერთ მძლავი კონფერენციის – Big Ten-ის წარმომადგენელია და ბოლო წლებში რამდენჯერმე გასულა NCAA-ის ოთხთა ფინალში.
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
სანდრომ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ჩინებულად ითამაშა პირატების ლიდერმა მაილს პაუელმა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო და მასპინძლებს 37 ქულა შესძინა, თუმცა, ეს, წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
სეტონ ჰოლი ბიგ ისთის კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 18 ნოემბერს სენტ ლუისთან ჩაატარებს.