სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” 2017 წლის ბოლო დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუ ორანჟში მდებარე უნივერსიტეტის გუნდმა “ბიგ ისთის” კონფერენციის მეორე ტურის მატჩში “სეინთ ჯონსს” უმასპინძლა და 5 ულის სხვაობით – 75:70 დაამარცხა.
“სეტონ ჰოლის” ვერც ერთმა სათადარიგომ, მათ შორის ვერც მამუკელაშვილმა, ქულა ვერ მოინაგრა. ნიუორანჟელების დამრტყმელ ძალას სენიორები – 21-22 წლის ბიჭები შეადგენენ, რომლებიც სასტარტო ხუთეულში არიან კონცენტრირებულნი და სტუდენტურ ლიგაში თავის გუნდს გამარჯვებებისკენ მიუძღვიან.
“სეტონ ჰოლს” კვლავ როდრიგეს-დელგადო-კარინგტონის ტრიომ ულიდერა, რომლებმაც ჯამში 59 ქულა მიითვალეს. მამუკელაშვილმა 8 წუთში 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 19 წლის ქართველმა ფორვარდმა 1 სამქულიანი ტყორცნა, თუმცა არაზუსტად.
მეორე ტურში მარცხი იწვნია “ვილანოვამ”, რომელიც არათუ “ბიგ ისთის” კონფერენციის, არამედ, მთლიანად სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლება. ვილანოველებმა სტუმრად “ბატლერთან” წააგეს. “ბიგ ისთის” კონფერენციას 2-2 მოგებით 3 გუნდი – “ბატლერი”, “სეტონ ჰოლი” და “ქსავიერი” ლიდერობენ. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 6 იანვარს, სტუმრად, “ბატლერთან” გამართავს.