მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის ბრინჯაოს პრიზიორია

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის მესამე ადგილის მფლობელია. ქართველი უკანახაზელი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ოთხთა ფინალში მეორედ გავიდა და 2003 წელს მოპოვებულ ვერცხლის მედალს დღეს ბრინჯაოც მიაბა.
მესამე ადგილისთვის მატჩში მოსკოველები სტამბულის “ფენერბაჰჩეს” დაუპირისპირდნენ და 86:80 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ რუსული გრანდი თამაშის განმავლობაში 27 ქულასაც კი იგებდა, თურქებმა ანგარიშის გათანაბრება შესძლეს, თუმცა, სასწაული ვეღარ მოახდინეს.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 09:46 წუთი გაატარა და 1 ქულა მოაგროვა. მარკოიშვილმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ცსკა-ს რიგებში საუკეთესონი ფრანგი ნანდო დე კოლო (17 ქულა) და ამერიკელი დემეტრის ნიკოლსი (14 ქულა) იყვნენ, “ფენერბაჰჩეს” ლიდერმა ენდრიუ გუდელოკმა 24 ქულა ჩააგდო, მისმა თანაგუნდელმა ნემანია ბიელიცამ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 18 ქულა, 10 მოხსნა.
ევროლიგის ჩემპიონი ოთხთა ფინალის მასპინძელ მადრიდის „რეალსა” და ბერძნულ „ოლიმპიაკოსს” შორის გამოვლინდება.