„ცრვენა ზვეზდასთან“ ჩატარებული შედეგიანი მატჩის შემდეგ მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა ლეგიონერმა კომენტარები გააკეთა. შეგახსენებთ, მანუჩარმა სტამბოლში, „გლორიას თასზე“ გამართულ შეხვედრაში 28 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა და ცსკა-ს გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
“ცხადია, ცსკა-ში გადასვლის შემდეგ, “ცრვენა ზვეზდასთან” მატჩი, ჩემთვის საუკეთესოა, თუმცა, მთავარია, რომ მოვიგეთ და იმაზე ნაკლები შეცდომა დავუშვით, ვიდრე – გასულ შეხვედრებში. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა ისე ვითამაშოთ, როგორც შეგვიძლია.
თავი უკეთესად უნდა დავიცვათ და შეტევაში ნაკლები ბურთი დავკარგოთ. გუნდში ყველაზე მეტი სათამაშო დრო მაქვს? მიხარია, რომ ასეა, მაგრამ მესმის, რომ ტრავმირებული ბიჭების დაბრუნების შემდეგ, ეს დრო შემცირდება.
თუმცა, ამაზე არ ვნაღვლობ. უბრალოდ, სანამ შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ, თამაშისგან სიამოვნება მივიღო. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ “ცრვენა ზვეზდასთან” მატჩში ასეთი კარგი სტატისტიკა მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. თანაგუნდელები ძალიან დამეხმარენ. ისინი ჩინებულ პასებს მაწვდიდნენ და მეც ვაგდებდი.
გასულ თამაშში დაცვაში ჩასვლას ვაგვიანებდით და სერბებმა პირველი ტემპით ბევრი ქულა მიითვალეს. მოუთმენლად ველით ხრიაპას, უიმსის და დე კოლოს დაბრუნებას და ჩვენი ნამდვილი სახეც მაშინ გამოჩნდება”.