„კანტუმ“ ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩი შინ 65:77 წააგო „სიენასთან“ და სეზონი დაასრულა. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. სერია A–ში არც მესამე ადგილისთვის მატჩი იმართება და არც ფინალში წაგებული გუნდს ერგება ვერცხლის მედლები – ჩემპიონის გარდა ყველა ადგილი რეგულარულ ჩემპიონატში დაკავებული ადგილების მიხედვით ნაწილდება. შესაბამისად, კანტუელებმა ნახევარფინალი რომ წააგეს, მათ ის ადგილი ერგოთ, რომელიც რეგულარულში დაიკავეს.
რაც შეეხება ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩს, როგორც მოსალოდნელი იყო, ის კვლავ მოქმედი ჩემპიონისა და ახლაც პირველობის უპირველესი კანდიდატის, „სიენას“ გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა ბობოქარ მეტოქეს, თუმც 19:17 მაინც „სიენამ“ იმარჯვა და მომდევნო მეოთხედებში უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
მარკოიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 27 წუთი გაატარა და თავისიანთაგან ბომბარდირი გახდა. მანუჩარმა 4–დან 3 ორქულიანი, 5–დან 1 სამიანი და 5–დან 5–ივე საჯარიმო ჩააგდო, რაც მთლიანობაში 14 ქულა გამოვიდა. ამას ქართველმა ლეგიონერმა 3 მოხსნა და 2 ჩაჭრაც წაამატა და ამ მაჩვენებლებით მისთვის სეზონი დასრულდა.
მანუჩარ მარკოიშვილი და სიენელი შონ სტოუნრუკი