მარგვეთმა ზესტაფონში ლიდერი გურჯაანი დაამარცხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია

მარგვეთმა ზესტაფონში ლიდერი გურჯაანი დაამარცხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია

სუპერლიგაში ადგილების გასანაწილებლად გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო. სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, ამ ეტაპზე თითქმის არაფერი არაა გარკვეული. არ ვიცით ძირითად სატურნირო კითხვებზე პასუხი: რომელი გუნდი დატოვებს ლიგას, რომელი ითამაშებს დასარჩენად საკვალიფიკაციოს, ვინ მოიგებს რეგულარულს და ასე შემდეგ. დარჩენილ 3 ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნუ იმის გარდა, რომ ცხრილის აუტსაიდერები სამეულში ვერ მოხვდებიან და ლიდერები პლეი ოფის მიღმა დარჩებიან. 

მე-20 ტური დღეს ზესტაფონში სუპერმატჩით დაიწყო. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა საკუთარ ქალაქში პირველი გამარჯვება იზეიმა. მარგვეთმა ზესტაფონის დარბაზში პირველი შეხვედრა 2 კვირის წინ, გაუ-სთან გამართა და თითქმის მოგებული წააგო. ბოლო წუთზე 8 ქულას იგებდა და შეხვედრა ისე დათმო, გაუ-ს დამატებითი დროც კი არ დასჭირვებია. დღეს კი, მარგვეთმა ვინ, ვინ და სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი – გურჯაანის დელტა დაამარცხა – 83:81 (სტატისტიკა).

მთლად ისეთი შეხვედრა არ მოუგია, როგორც თავად დათმო გაუ-სთან, თუმცა ამჯერადაც თითქმის უიმედო სიტუაცია იყო. მეორე პერიოდის ბოლო წუთზე გურჯაანელები 17 ქულით – 49:32 იგებდნენ, რაც არათუ გათამაშების ლიდერი გუნდისთვის, ნებისმიერისთვის უდიდესი უპირატესობაა. დიდ შესვენებამდე მასპინძლებმა ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირეს და საქმეს ხელი მესამიდან მოკიდეს.

ლაშა მიქელაძისა და განსაკუთრებით, მალიქ ჯეიკობსის შედეგიანობამ, რასაც ზესტაფონელთა მედგარი დაცვა ერთოდა, მარგვეთმა ჩამორჩენა გვარიანად შეამცირა, ბოლო პერიოდის წინ კი მხოლოდ 2 ქულას აგებდა. თანაბარი თამაში გაგრძელდა გადამწყვეტ ათწუთეულში. უმნიშვნელოვანესი გამოდგა მაიკლ მეისის 3 სამქულიანი, რომელებიც ზესტაფონელთა უკანახაზელმა პერიოდის დასაწყისში და ორიც დასრულებამდე 2 წუთით ადრე ჩააგდო. ბოლო წუთზე მარგვეთი 2 ქულას იგებდა, დელტა უტევდა და ტერი კოლინსმა გურჯაანელთა დასაწინაურებელი სამქულიანი ააცილა. ბურთი ლაშა მიქელაძემ მოხსნა და დროც ამოიწურა. ზესტაფონელებმა მე-6 გამარჯვება მოიპოვეს და კონკურენტ რუსთავს ხომ გაასწრეს, მოგებებით გორის ივერიონს გაუთანაბრდნენ. ხვალ რუსთავი ივერიონს მასპინძლობს და თუ წააგებს, სუპერლიგაში დარჩენის შანსს მინიმუმამდე შეიმცირებს.

რაც შეეხება ზესტაფონურ მატჩს, გამარჯვებულებს მალიქ ჯეიკობსმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 5-5 ჩაჭრა-პასი მიითვალა. 5 სამქულიანი და ჯამში 19 ქულა ჩააგდო მაიკლ მეისმა, 14 ქულა და 11 მოხსნა ტაიშონ კროუფორდის ანგარიშზეა. გურჯაანელთაგან 19 ქულით ჯარვის რეი გამოირჩა. 16 ქულა საბა ლობჯანიძემ, 11 – ბექა ბექაურმა მიითვალა. 

სუპერლიგის მე-20 ტურის ერთი მატჩი დღეს ქუთაისში გაიმართება, სადაც იმერული დერბის სათამაშოდ ტყიბულის ორბი ჩავა. ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, 31 მარტს, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.