თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის მეხუთე ტურში მარკის რიდის „ბაჰჩეშეჰირმა“ შინ „ბეშიქთაშს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 100:96 დაამარცხა მეტოქე. საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა და გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა.
მატჩის კულმინაცია ბოლო წუთებზე შედგა. როდესაც „ბეშიქთაში“ 84:81 დაწინაურდა, სიტუაცია მარკის რიდმა აიღო თავის თავზე — მან ჯერ ზუსტი სამქულიანით აღადგინა წონასწორობა, ხოლო შემდეგ ორქულიანით „ბაჰჩეშეჰირი“ წინ გაიყვანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მნიშვნელოვანი მოხსნა შეტევაში 92:89 ანგარიშის დროს, რასაც მალაჩი ფლაინის ზუსტი სამქულიანი მოჰყვა და შეხვედრის ბედიც პრაქტიკულად გადაწყდა.
რიდმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 18 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. მარკისმა სამსაჯო ხაზიდან და თამაშიდან იდეალური სიზუსტე აჩვენა: ჩააგდო 7-დან 5 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და ორივე (2-დან 2) საჯარიმო.
„ბაჰჩეშეჰირმა“ სუპერლიგის სტარტზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. მარკის რიდის გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად „ბორდო ბანდირმასთან“ გამართავს.