ევროთასის მიმდინარე გათამაშებაში წარმატებული სვლა განაგრძო თურქულმა „ბაჰჩეშეჰირმა“, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული უკანახაზელი მარკის რიდი ასპარეზობს.
სტამბოლური კლუბი გერმანიას ესტუმრა, ადგილობრივ „ულმს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი სხვაობით, 96:82 დაამარცხა მეტოქე. მიუხედავად იმისა, რომ რიდი პარკეტზე სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, მან სათამაშო დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენა. 23 წუთსა და 18 წამში ამერიკელმა მცველმა საკუთარ გუნდს 15 ქულა, 1 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მარკისმა სროლებში კარგი სიზუსტე აჩვენა: მან 11-დან 6 ორქულიანი და სამივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. პასივში მას 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი ჰქონდა. „ბაჰჩეშეჰირის“ რიგებში რიდის მსგავსად 15 ქულა დააგროვა სერბმა ალეკსა ავრამოვიჩმა, ხოლო პოლონეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მატეუშ პონიტკამ გუნდს 15-ის ნაცვლად 18 ქულა შესძინა.
ამ გამარჯვების შემდეგ, „ბაჰჩეშეჰირმა“ ჩატარებულ 6 ტურში მე-5 გამარჯვება იზეიმა და D ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. სტამბოლელები მომდევნო ევროთასის მატჩს 11 ნოემბერს, საკუთარ არენაზე, ლიეტუვურ „ლიეტკაბელისთან“ გამართავენ,ამდე კი, 8 ნოემბერს, მარკის რიდის გუნდი თურქეთის სუპერლიგის ფარგლებში შინ „დენიზლის“ უმასპინძლებს.