საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა უკანახაზელმა, მარკის რიდმა, ევროთასის ახალი სეზონი წარმატებული სტარტით გახსნა. 31 წლის კალათბურთელის თურქულმა კლუბმა, „ბაჰჩეშეჰირმა“, შინაურ არენაზე „რომას“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 91:78 დაამარცხა.
ჩვენი ყურადღების ცენტრში, ბუნებრივია, ქართული პასპორტის მქონე ლეგიონერი მოექცა. რიდმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 19:53 წუთში საკუთარ აქტივს 15 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიათვალა. აღსანიშნავია, რომ მარკისი 15 ქულით თავის გუნდში საუკეთესო მექულე გახდა, ამასთან, ქულების უდიდესი წილი მან მატჩის მეორე ნახევარში მოაგროვა. პერსონალური ჯარიმების ლიმიტის გამო, მას ბოლო მეოთხედში გარკვეული დროის გატარება სათადარიგოთა სკამზე მოუწია.
შეგახსენებთ, რომ თურქული კლუბი ევროთასის D ჯგუფში იბრძვის, სადაც თავმოყრილი 8 გუნდიდან პლეი-ოფის საგზურს საუკეთესო 4 მოიპოვებს. რაც შეეხება მარკის რიდს, მან ადგილობრივი ჩემპიონატიც ხმაურიანად დაიწყო — „ფენერბაჰჩესთან“ მოპოვებულ გამარჯვებაში ლეგიონერმა დიდი წვლილი შეიტანა და შეხვედრა 16 ქულითა და 5 პასით დაასრულა.