მარკოიშვილი ევროლიგას “ბარსელონასთან”, დამაჯერებელი თამაშით დაემშვიდობა

მარკოიშვილი ევროლიგას “ბარსელონასთან”, დამაჯერებელი თამაშით დაემშვიდობა

მანუჩარ მარკოიშვილისთვის და მისი “გალათასარაისთვის” ევროსეზონი დასრულდა. სტამბოლურმა კლუბმა მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩიც წააგო კატალონიურ “ბარსელონასთან” და საერთო ანგარიშით – 0:3 დამარცხდა.
სტამბოლელებმა კატალონიურ გრანდს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მხოლოდ ბოლო წამებზე, მცირე სხვაობით წააგეს. კარლოს აროიოს ყველა პირობა ჰქონდა საიმისოდ, რომ მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ ბოლო წუთზე, როცა მისი “გალა” 1 ქულით ჩამორჩებოდა, პუერტორიკოელი უკანახაზელის ნასროლს ბარსელონელმა ჯო დორსიმ დააფარა და…
სტამბოლელებს მაინც შერჩათ შანსი, ბრედ ოლესონმა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და “გალათასარაის” 2 ქულის გასაბათილებლად 10 წამი დარჩა. წუთშესვენების შემდეგ მარკოიშვილს ბურთი გვერდითი ხაზის მიღმიდან გამოჰქონდა. მას თანაგუნდელები ვერ გაეხსნენ, ხოლო ქართველმა მოთამაშემ ბურთის შემოსატანად განკუთვნილი დროის ბოლო, მე-5 წამზე განწირული პასი გასცა, რომელიც ოლესონმა ჩაჭრა და საჯარიმოს ხაზზე აღმოჩენილმა ორივე სროლა ჩააგდო, რითაც ყველაფერს წერტილი დაუსვა – 9 წამში 4 ქულის გაბათილება ფანტასტიკის სფეროდან იყო.

მიუხედავად ამისა, სტამბოლელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მარკოიშვილს შეეძლო, სასწაული მოეხდინა, თუმცა ცენტრიდან ნასროლმა მისმა გამთანაბრებელმა ბურთმა კატალონიელთა ფარამდე ვერ მიაღწია – 78:75 “ბარსას” სასარგებლოდ.
სტამბოლელთაგან 21 ქულით ბომბარდირი კარლოს აროიო გახდა, ზორან ერცეგმა 19 გაადროვა, მანუჩარ მარკოიშვილმა კი 26 წუთში თავი 8 ქულას, 3 პასს, 2 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა. ეს ერთადერთი ჩაჭრა ქართველმა ლეგიონერმა საფინალო სირენამდე 1:41 წუთით ადრე მიითვალა, რის შემდეგაც სწრაფი გარღვევით 2-ქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა- 72:72. მანუჩარმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო.
ასე და ამგვარად, მარკოიშვილის “გალათასარაი”ევროლიგას ჩამოსცილდა და ახლა ერთადერთ ასპარეზად თურქეთის ჩემპიონატი დარჩა. მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩს 0:2 ჩამორჩენილი გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” მადრიდის “რეალთან” ხვალ, 21 აპირლს გამართავს.