მარკოიშვილი ისევ ბომბარდირია და სანიკიძის გუნდთან ისევ აგებს

მანუჩარ მარკოიშვილის დიდებული თამაშის მიუხედავად, მისმა გუნდმა „კანტუმ“ ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლართან“ მაინც წააგო და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში  გათანაბრდა – 2:2.
მარკოიშვილმა წინა შეხვედრაში 23 ქულა ჩაუგდო ბოლონიურ გუნდს, მაგრამ „კანტუ“ მარცხისგან ვერ იხსნა. წუხელ მანუჩარმა კიდევ უფრო მოინდომა, „კანადიან სოლარს“ 24 ქულა უთავაზა, მაგრამ მისი გუნდი ამჯერადაც უშანსო იყო – 79:95.
ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო. მარკოიშვილმა 34 წუთში 24 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. „მანუ“ შეუდარებელი იყო შორი სროლებისას, მან 7–დან 5 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საშუალო დისტანციიდან შედარებით მოიკოჭლა: 7–დან 2. მარკოიშვილმა 6 საჯარიმო სტყორცნა და 5 მიითვალა.
ამ შთმბეჭდავი სტატისტიკის მიუხედავად „კანტუმ“ ვერაფერი გააწყო ბოლონიურ გუნდთან, რადგანაც მარკოიშვილს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. რაც შეეხება გამარჯვებულ ვიქტორ სანიკიძეს, მან მოედანზე 36 წუთი დაჰყო და 7 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მარკოიშვილის მსგავსად სანიკიძემაც 6–დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 3 ცდიდან 1 ორქულიანიც მიამატა.
ასე და ამგვარად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა და „კანტუს“ მოედნის უპირატესობის ჯერიც დადგა. მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა კანტუში 28 მაისს გაიმართება.
 

ვიქტორ სანიკიძე”კანტუს” ფარს უტევს