მარკოიშვილი კიეველებს პოლტაველების დამარცხებაში დაეხმარა

უკრაინის საკალათბურთო ლიგაში მეტოქეს-მეტოქეზე ამარცხებს მანუჩარ მარკოიშვილის “კიევი”. დედაქალაქელებთან გამოცდის “ჩაბარება” ამჯერად ჩემპიონატის აუტსაიდერმა “პოლტავამ” ვერ შეძლო.
არადა, პირველი ნახევრის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, მდევრის როლში კიეველები იყვნენ – 43:50. თუმცა, მესამე მეოთხედმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. საშა ობრადოვიჩის შეგირდებმა ამ ათწუთეულში 31 ქულის მოპოვება მოახერხეს, მეტოქეს კი, მხოლოდ 11 ქულის მითვლის საშუალება მისცეს და პრაქტიკულად გადაწყვიტეს მატჩის ბედი. საბოლოოდ დედაქალაქელებმა 95:75 მოიგეს.
მანუჩარ მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24.07 წუთში 7 ქულის, 5 მოხსნის, 3 შედეგიანი გადაცემისა და ერთი ჩაჭრის მოხვეჭა მოახერხა.  ქართველმა ლეგიონერმა პერიმეტრიდან და ორქულიანი დისტანციიდან სამ-სამჯერ სცადა ბედი და აქედან შედეგიანი მხოლოდ თითო სროლა გამოუვიდა, რასაც 2 ზუსტი საჯარიმოც დაურთო.
11 ტურის შემდეგ, “კიევს” 10 გამარჯვება აქვს და ის ერთპიროვნულად ლიდერობს უკრაინის ჩემპიონატს. 16 დეკემბერს მარკოიშვილსა და მის თანაგუნდელებს ევროჩელენჯის თასზე რუსულ “ტრიუმფთან” მოუწევთ დაპირისპირება.
 

მარკოიშვილი პოლტაველთა გარემოცვაში