საქართველოს ნაკრებისა და სტამბოლის „გალათასარაის“ უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს დაუბრუნდა. ქართველ უკანახაზელს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და წინა მატჩში, ევრთასზე, არ უთამაშია. დღეს კი მანუჩარი მოედანზე გამოჩნდა და თავისი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც გახდა. „გალათასარაიმ“ თურქეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი ანკარაში, „თედ კოლეჯთან“ გამართა და 94:86 გაიმარჯვა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32,32 წუთი გაატარა. მანუჩარმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 11 ქულა შეადგინა. მარკოიშვილმა თავის გუნდში უმეტესი – 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მას ასევე 1 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სტამბოლელთა შორის 25 ქულით ბომბარდირი ენდერ არსლანი გახდა, ხოლო იამონტ გორდონმა 17 მიითვალა.
„გალათასარაის“ 18 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და თურქეთის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო მატჩს მარკოიშვილის გუნდი 16 მარტს, სტუმრად, „მერსინთან“ გამართავს.