მანუჩარ მარკოიშვილი ვი-თი-ბი ლიგის ჩემპიონობას უახლოვდება. მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც ქართველი უკანახაზელი იცავს, დღეს ვი-თი-ბი ლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო „ხიმკის”, ამჯერად 94:81 და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
შესაბამისად, ცსკა-ს 1 გამარჯვება აშორებს ჩემპიონობამდე, რომლის მოპოვებაც ბევრს არაფერს ნიშნავს იმდარი ფლაგმანისთვის, როგორიც არმიული გუნდია. ევროლიგის ნახევარფინალში „ოლიმპიაკოსთან” დამარცხების შემდეგ მოსკოველებისთვის ვი-თი-ბი ლიგის მოგება მხოლოდ ნუგეში თუ იქნება
.
ფინალური სერიის მეორე მატჩში მარკოიშვილმა 11:16 წუთი ითამაშა და 3 ქულასთან ერთად 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. საუკეთესო მილოშ თეოდოსიჩი გახლდათ, რომელმაც 25 წუთში 18 ქულა დააგროვა.
ფინალური სერიის მორიგი, მესამე მატჩი 8 ივნისს, „ხიმკის” მოედანზე, მოსკოვში გაიმართება.