მანურჩარ მარკოიშვილის 11 ქულა „გალათასარაიში“. თურქული გუნდის ახალწვეულმა შესანიშნავად ითამაშა ყაზანში, უნიკსის“ წინააღმდეგ, მაგრამ საკუთარი გუნდი დამარცხებისგან ვერ იხსნა. სტამბოლელები ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში რუსეთში „უნიკსთან“ 57:64 დამარცხდნენ.
ქართველი უკანახაზელი მატჩიდან მატჩამდე უმატებს. მარკოიშვილმა მოედანზე 32 წუთი გაატარა, ანუ ყველა თანაგუნდელზე მეტი ითამაშა და არცთუ უშედეგოდ. მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 სამიანი ჩააგდო, ჯამში 11 ქულა დააგროვა და ამას 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მანუჩარი გალათასარაიელთაგან მეორე მექულე გახდა – 12 ქულით ბომბარდირი ენჯინ ატშური გახდა.
2 მოგება და 3 მარცხი – ამ შედეგით „გალათასარაი“ III-IV ადგილებს სერბულ „ცრვენა ზვესდასთან“ იყოფს. ბოლო ტურში მარკოიშვილის გუნდი სწორედ სერბულ გუნდს ხვდება და ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებელი გამარჯვება სჭირდება – შესაზლოა, ესეც კი არ ეყოს, გააჩნია, „ულმი“ და „უნიკსი“ გერმანიაში როგორ ითამაშებენ.