მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა. სტამბოლურმა გუნდმა „ბანვიათს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 76:71 დაამარცხა.
ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 24:41 წუთში 11 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
„გალათასარაიში“ ყველაზე შედეგიანები კარლოს აროიო (19) და ზორან ერცეგი (14) იყვნენ, ერსინ დალიმ კი 8 ქულას 15 მოხსნა წაამატა. აღსანიშნავია, რომ სტამბოლელები ბოლო მეოთხედის წინ 5 ქულით აგებდნენ, თუმცა, უკანასკნელი ათწუთეული დამაჯერებლად ჩაატარეს – 29:19.
ნახევარფინალური სერიის მომდევნო, მე-4 შეხვედრა 30 მაისს, კვლავ „გალათასარაის“ მოედანზე გაიმართება და თუკი მარკოიშვილის გუნდი მოიგებს, ფინალში გავა. ფინალშია გასული „სტამბოლური „ფენერბაჰჩე“, რომელმაც ნახევარფინალური სერია მშრალად – 3:0 მოუგო „ქარშიაქას“.