ევროლიგის მეოთხედფინალი რიხით დაიწყო მანუჩარ მარკოიშვილმა და მისმა ცსკა-მ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მეორე ჯგუფური ეტაპის მოგების შემდეგ მოსკოველებს მეოთხედფინალურ სერიაში მეტოქედ ბერძნული „პანათინაიკოსი“ შეხვდა. სერია 3 გამარჯვებამდეა და არმიელებმა საქმის მესამედი უკვე გააკეთეს.
სერიის პირველი მატჩი მოსკოვში გაიმართა და ცსკა-ს იოლი გამარჯვებით – 93:66 დასრულდა. გარდამტეხი გამოდგა მეორე პერიოდი, რომელიც მასპინძლებმა 27:6 მოიგეს და გამარჯვებულის ვინაობა დიდი შესვენებისთვის ფაქტობრივად გაარკვიეს.
ქართველი ლეგიონერი შედეგიანობით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარკოიშვილმა მხოლოდ 15:31 წუთი ითამაშა, თუმცა საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მარკოიშვილმა 13 ქულასთან ერთად 2 მოხსნა დააგროვა. მასზე მეტი – 18 ქულა, მოსკოველთაგან მხოლოდ მილოშ თეოდოსიჩმა მიითვალა. მანუჩარის მსგავსად 13 ქულა დემერტინ ნიკოლსმა მოაგროვა, ხოლო ანდრეი კირილენკოს ანგარიშზე 12 დაგროვდა.
მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრა კვლავ მოსკოვში, 16 აპრილს გაიმართება.