მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. სტამბოლის დარუშაფაკა ზაგრებში უშუალო კონკურენტ „ცედევიტას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 83:77 სძლია და ამაში ქართველი უკანახაზელს დიდი წვლილი მიუღვის.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გასული თამაშში შედეგიანად ჩაერთო. ქართველმა უკანახაზელმა მთლიანობაში 18:55 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 16 ქულა, 1 მოხსნა, და 1 პასი მიითვალა, ბურთიც ერთხელ დაკარგა. მარკოიშვილმა 4-დან ოთხივე სამქულიანი ჩააგდო, რასაც 3-დან 1 ორიანი და 3-დან 2 საჯარიმოც მოაყოლა.
მარგი ქმედების კოეფიციენტით მარკოიშვილი სტამბოლელთაგან მხოლოდ მარკუს სლაგტერს ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. მატჩის საუკეთესო შედეგი „ცედევიტას“ ქართულპასტორტიანმა უკანახაზელმა, ჯეიკობ პულენმა აჩვენა, რომელმაც 26 ქულა მიითვალა, მაგრამ ზაგრებელებს ამით ვერაფერი უშველა.
მარკოიშვილი და რეჯი რედინგი ზაგრებში გამარჯვებას ზეიმობენ
ამ მატჩამდე ამ გუნდებს ტოპ-16-ის პირველ ჯგუფში 2-2 გამარჯვება ჰქონდათ და ზაგრებში მოგებით „დარუშაფაკამ“ „ცედევიტას“ გადაასწრო და ცხრილში მე-6 ადგილზეა. პლეი ოფში საუკეთესო 4 გუნდი გადის და მე-4 ადგილზე მყოფ „ცრვენა ზვეზდას“ სტამბოლელებზე 2-ით მეტი გამარჯვება აქვს, რისი გაბათილებაც დარჩენილ 5 ტურში რთული, თუმცა შესაძლებელია.
მომდევნო მატჩს „დარუშაფაკა“ 10 მარტს გამართავს. სტამბოლური დერბიში მარკოიშვილის გუნდი ცხრილში მეზობელ „ეფესს“ დაუპირისპირდება.