მარკოიშვილის 17 ქულა კანტუს ვარეზეში არ ეყო

მარკოიშვილის 17 ქულა კანტუს ვარეზეში არ ეყო

ცოტა დააკლდა და მანუჩარ მარკოიშვილი მატჩის გმირი გახდებოდა. „კანტუს“ ქართველი ლეგიონერი თავის გუნდში 17 ქულით ბომბარდირი კი გახდა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მარკოიშვილმა ბოლომდე იბრძოლა და „ვარეზესთან“ გასვლით მატჩში თავის გუნდს შანსიც შეუნარჩუნა, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს – 77:73.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთი ითამაშა და საკმაოდ აქტიურადაც. 11 ორქულიანიდან მანუჩარმა მეტოქის კალათში 5 მოათავსა, 4–დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანი ცდიდან მხოლოდ 1 გამოიყენა. 17 ქულასთან ერთად მან 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, რომ მარკოიშვილმა მოხსნა ვერ განახორციელა. კანტუელთაგან ქართველის კვალზე 14 ქულა დააგროვა მარკო კუზინმა, ხოლო ჯეფ ბრუკსის ანგარიშზე 10 ქულა გახლდათ.

ევროლიგისგან განსხვავებით, შიდაჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს ვიქტორ სანიკიძის „სიენა“. სერია A-ს მეხუთე ტურში სიენელები სტუმრად „ბიელას“ შეხვდნენ და 81:56 გაანადგურეს. სამწუხარო ის არის, რომ გამარჯვებულებს სათანადოდ ვერ შეეშველა ქართველი ფორვარდი. სანიკიძემ 23 წუთი ითამაშა და მოედანი 2 ქულით დატოვა.
მასპინძლებმა „სიენას“ წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც 20:22 დათმეს, შემდეგ კი სტუმრთა უპირატესობა აშკარა გახდა. მეორე ათწუთეული სანიკიძის გუნდმა 17:6 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 13 ქულის სხვაობით დაწინაურდა. მესამე მეოთხედში სიენელთა ლიდერობამ  20 ქულას გადააჭარბა და გმარჯვებულის ვინაობაც გაცხადდა.
„სიენას“ შემადგენლობაში საუკეთესო ბობი ბრაუნი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა დააგროვა. სანიკიძემ კი, როგორც ვთქვით, ოდენ 2 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ვიქტორს ბევრი არც უსვრია: 2 ორქულიანიდან მხოლოდ 1 გამოიყენა.
„სიენა“ 4 მოგებითა და 1 მარცხით სერია A-ს ცხრილში მესამე ადგილზე გამაგრდა. სანიკიძის გუნდი მომდევნო ტურში, 4 ნოემბერს, მილანის „ემპორიო არმანის“ უმასპინძლებს. 5 მატჩიდან 3–ის მომგები მარკოიშვილის გუნდი კი „ვირტუსთან“ ერთად VI-VII ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში „კანტუს“ საშინაო მეტოქედ „აველინო“ ეყოლება.