მარკოიშვილის 18 ქულა “კანტუს” გამარჯვებაში დაეხმარა

მარკოიშვილის 18 ქულა “კანტუს” გამარჯვებაში დაეხმარა

შაბათს საქართველოს ნაკრების 3 წევრი დაკავდა საკუთარ კლუბებში – ყველაზე გამორჩეულად კი მანუჩარ მარკოიშვილმა ითამაშა, რომელმაც „კანტუს“ იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოაპოვებინა.
 
მარკოიშვილის გუნდი „ტერამოს“ მასპინძლობდა და 82:70 დაამარცხა. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 28 წუთი გაატარა და კანტუელთაგან მეორე შედეგი აჩვენა. ყველაზე მეტი – 19 ქულა, მაარტენ ლაუნენმა მიითვალა, მარკოიშვილის ანგარიშზე კი 18 ქულა გახლდათ. მანუჩარმა 7–დან 4 სამქულიანი და 4–დან 3 ორიანი ჩააგდო, პლუს ამას 2 პასი და თითო მოხსნა–ჩაჭრა მიითვალა და მოედნიდან ვალმოხდილი გავიდა.

უტევს მანუჩარ მარკოიშვილი

ამ გამარჯვებამ „კანტუ“ ცხრილში მეორე ადგილზე აღაზევა, თუმცა გუნდების უმეტესობა დღეს საღამოს თამაშობს და სავარაუდოდ, მარკოიშვილის გუნდი შედარებით დაბლა დაეშვება. რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარს“, ბოლონიელები დღეს სტუმრად „სკავოლინის“ შეხვდებიან.
 
 ესპანეთის პრიმერადივიზიონში დამარცხდა, თუმცა ურიგოდ არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ ფორვარს ქუინტონ ჰოსლის. მისი „ხუვენტუდი“ სტუმრად „ვალიადოლიდს“ ხვდებოდა და მატჩი 72:91 დათმო. ჰოსლი სასტარტოში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. 
 
 
 
 
 
 ბალტიის ლიგაში პრინციპული მატჩი დათმო გიორგი ცინცაძის „როკმა“. ტარტუელებმა შინ ლიგის ლიდერი რიგირ ვეფ–ი მიიღეს და 77:85 დამარცხდნენ. ცინცაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძეს ურიგოდ არ უთამაშია, 7–დან 4 ორიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო, თუმცა მთლიანობაში მისმა გუნდმა ვერ ივარჯა და ბალტიის ლიგის ცხრილის სათავეში გამაგრების შანსი დაკარგა. ტარტუელებს 8 თამაშიდან 5 მოგება აქვთ და მეორეზე არიან, პირველზე კი ვეფ–ია 6 მოგებითა და 1 მარცხით.