მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით გახსნა, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის ბომბარდირი გახდა. კანტუელებმა „სკავოლინის“ უმასპინძლეს და საკმაოდ ძლიერი მეტოქე 78:72 დაამარცხეს.
„კანტუმ“ ეს მატჩი პირველ მეოთხედში გამოჩენილი აქტიურობით მოიგო. მასპინძლებმა საწყისი მეოთხედში პესაროელები 27:10 გაანადგურეს და მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილი ათწუთეულები წააგეს, საბოლოოდ გამაჯვება მაინც მარკოიშვილის გუნდს დარჩა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. ქართველი ლეგიონერი ძალიან შედეგიანად თამაშობდა და საბოლოოდ თავი 20 ქულას მოუყარა. მანუჩარმა 10-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად საქართველოს ნაკრების წევრს 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა.
მარკოიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ერთით მეტი ჰქონდა ნიკოლას მაცარინოს, რომელმაც 29 წუთში 15 ქულა და 3 პასი მოაგროვა.
მეოთხედფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება. მომდევნო შეხვედრა კვლავ „კანტუს“ მოედანზე, 20 მაისს გაიმართება.