მარკოიშვილის 22 ქულა “ბკ კიევს” ბერძნებთან არ ეყო

სულ ცოტა დააკლდათ მანუჩარ მარკოიშვილსა და მის გუნდელებს, რომ ფიბა–ს ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილიყვნენ. სათქმელად იოლია, ჯგუფში მოხვედრა, თუმცა ამის მისაღწევად კიეველებს მცირე სასწაულის მოხდენა ესაჭიროებოდათ.
“ბკ კიევმა” ევროთასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა საბერძნეთში 69:96 წააგო “პანელინიოსთან” და თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. 27 ქულის გაბათილება მართებდათ კიეველებს, ჯგუფურ ეტაპზე რომ გამძვრალიყვნენ და ამის ალბათ ბევრს არავის ეჯერა. თუმცა დაიწყო თამაში და მარკოიშვილის აქტიურობით კიეველებს იმედი მიეცათ – მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 31:13 მოიგეს.
 

მანუჩარ მარკოიშვილი “პანელინიოსის” ფარს უტევს
 
კარგად დაწყებული საქმე კიეველებმა რიხით ვეღარ გააგრძელეს და მეორე მეოთხედის 8 ქულით წაგების შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდათ. თუმცა მეორე ტაიმში თავგამოდებულად ათამაშდა ქართველი უკანახაზელი, რომლის ზუსტმა სროლებმა მასპინძლებს თამაშის შემობრუნების შანსი უბოძა.
მარკოიშვილმა საბოლოოდ 22 ქულა მიითვალა, რასაც 3 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა მოაყოლა და ყველაფერი ამის მოგროვებას 26 წუთი დააჭირვა.
გადამწყვეტი მეოთხედის წინ “ბკ კიევი” 60:50 იგებდა და დარჩენილ დროში 17 ქულის ამოღება თითქმის წარმოუდგენელი იყო. მასპინძლებმა კი იმდენი მოახერხეს, რომ საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ლიდერობა 21 ქულამდე გაზარდეს და ეს უპირველესად მანუჩარ მარკოიშვილის დამსახურება იყო, რომელიც შორიდანაც აგდებდა, ფარქვეშაც შედეგიანად შედიოდა და დაცვაშიც გამოირჩეოდა.
გამარჯვება (27–წულიანი) ერთი ხელის გაწვდენაზე ქონდათ კიეველებს, თუმცა საბოლოოდ 96:72 მოიგეს და ევროთასს ზედ ჯგუფური ეტაპის ძღურბლზე გამოეთიშნენ.