„კანადიან სოლარის“ ანალოგიური რამ შეემთხვა მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუს“. მესამე ადგილზე მყოფმა ქართველების გუნდმა მდევარ „ვენეციას“ უმასპინძლა და 73:78 დამარცხდა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაეწია „კანტუს“ და მესამე ადგილზე თავად დამკვიდრდა. კანტუელებმა კი უარესი ბურთების შეფარდების გამო მეექვსე ადგილზე გადაინაცვლეს.
კანტუელებმა მარკოიშვილის დიდებული გარჯის მიუხედავად ვერაფერი გააწყვეს სერია A-ს დებიუტან „ვენეციასთან“. მანუჩარმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მან 34 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მარკოიშვილი შესაშური სიზუსტით ესროდა: 6–დან 5 ორქულიანი, 6–დან 6 საარიმო და 4–დან 2 სამიანი. თავის გუნდში მარკოიშვილს ყველაზე მაღალი შედეგი ჰქონდა, თუმც კარგად გაისარჯა „კანტუს“ მეორე ქართველიც.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და 10 ქულის მოსაგროვებლად 13 წუთი იკმარა. გიორგიმ 4–დან 3 ორქულიანი და 5–დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინი სხვა მხრივაც აქტიურობდა და თავი 4 მოხსნას, 2 დაფარებას და 1 ჩაჭრასაც მოუყარა.
მომდევნო ბრძოლა სანიკიძის გუნდს 11 თებერვალს პესაროში, „სკავოლინისთან“ ელის. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამავე ტურში იოლი გამარჯვება მოიპოვა სერია A-ს მეოთხე ქართველის გუნდმა. „დინამო სასარიმ“ „ვანოლის“ 91:76 მოუგო, მაგრამ ნიკა მეტრეველი მხოლოდ სათადარიგოობას დასჯერდა და მოედანზე არ გამოჩენილა. „დინამო სასარის“ „კანტუს“ მსგავსად 11 მოგება და 8 მარცხი აქვს და მომდევნო მატჩს მილანში „არმანისთან“ გამართავს.