მარკოიშვილის 3 ქულა და “დარუშაფაკას” საკვანძო წაგება “ეფესთან”

მარკოიშვილის 3 ქულა და “დარუშაფაკას” საკვანძო წაგება “ეფესთან”

კარგი შანსი ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკას“, ევროლიგის ტოპ-16-ის ჯგუფში ზემოთ აეწია და საპლეიოფო ზონას მიახლოებოდა, თუმცა კონკურენტ „ეფესთან“ შინ წააგო და მეოთხედფინალში გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა.

სტამბოლურ დერბიში ცხრილის მეზობლები – „დარუშაფაკა“ და „ეფესი“ შეხვდნენ. ბრძოლა უშეღავათო იყო და ბოლომდე. სტუმრები ნიადაგ იგებდნენ, „დარუშაფაკა“ კი ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობდა, რაც საბოლოოდ არ გამოუვიდა და 68:72 დამარცხდა. მარკოიშვილმა 15;44 წუთი ითამაშა და 3 ქულას დასჯერდა. ქართველმა უკანახაზელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. 3 ქულასთან ერთად მანუჩარის ანგარიშზე 2 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა.
დარუშაფაკელთაგან 17 ქულით საუკეთესო სკოტი უილბეკინი გახლდათ, რეჯი რედინგის ანგარიშზე კი 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. გამარჯვებულებს 21 ქულით ფრანგმა ტომას უერტელმა ულიდერა.
3 მოგებითა და 7 მარცხით „დარუშაფაკა“ „უნიკახასთან“ ერთად ჯგუფში 6-7 ადგილებს იყოფს. გამსვლელ, 4 ადგილზე მყოფ „პანათინაიკოსს“ კი 6 გამარჯვება აქვს. დარჩენილია 4 ტური, რის განმავლობაშიც 3 ქულის გაბათილება ურთულესი იქნება.