“ევროჩელენჯზე“ წუხელ მორიგი ტურის მატჩები გამართა და საქართველოს ნაკრების უკანახაზელ მანუჩარ მარკოიშვილის „ბკ კიევმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. კიეველებმა ამჯერად შინ თურქული „გალათასარაი“ დაამარცხეს – 95:62 და „J” ჯგუფში გალიდერდნენ.
მარკოიშვილს ხუთეულში არ დაუწყია თამაში, თუმც მოედანზე 33 წუთი დაყო და საბოლოოდ 14 ქულა, 5 მოხსნა და თითო ჩაჭრა–პასი დააგროვა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.
მანუჩარმა ჩააგდო 4–დან 3 ორქულიანი, 6–დან 5 საჯარიმო და 4 შორი სროლიდან 1 მოათავსა თურქების კალათში. როგორც ანგარიშიდან ჩანს, კიეველებს არ გასჭირვებიათ სტამბოლელების დამარცხება.
დიდი მოულოდნელობა მოხდა ამავე ჯგუფის მეორე მატჩში. გერმანულმა „ოდენბურგმა“, რომელიც კიეველებმა გასულ ტურში სტუმრად დაამარცხეს, იტალიაში ფავორიტად მიჩნეულ „ვირტუსს“ 82:81 მოუგო და მარკოიშვილის გუნდიც ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ამერიკელ გამთამაშებელ ტაირონ ელისის გუნდს, „კახასოლი“ ამ ტურში ისვენებდა.