მანუჩარ მარკოიშვილის „ბკ კიევი“, რომელმაც სეზონი საჩემპიონო ამბიციით დაიწყო და კარგა ხანს ლიდერობდა კიდეც რეგულარულ ჩემპიონატში, ფინალში ვერ გავიდა. კიეველებმა დონეცკში ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა 74:84 წააგეს და საერთო ანგარიშში 1:3 დამარცხდნენ.
კიეველებმა ჩემპიონობაზე ალბათ მაშინ თქვეს უარი, როცა რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსკენ გუნდიდან ლეგიონერები დაითხოვეს. დაიტოვეს მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც იმ დღიდან გუნდის უთუმცაო ლიდერი გახდა და სათამაშო დრო ხომ ზომაზე მეტი ჰქონდა (ხანდახან შეუცვლელადაც თამაშობდა), ქულები, პასები, მოხსნები და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლებიც არ აკლდა.
ნახევარფინალური სერიის საბედისწერო მატჩიც არ დაიკლო ქართველმა უკანახაზელმა შედეგიანობა – 20 ქულით ის მატჩის ბომბარდირი გახდა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მარკოიშვილმა მოედანზე 37 წუთი დაჰყო და ქულებთან ხსეებულ ქულებთან ერთად 4 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, თუმცა ბურთი 9–ჯერ დაკარგა.
კიეველებმა პირველი მეოთხედი 4 ქულით მოიგეს, თუმცა მეორეში ერთი მონაკვეთი 0:14 წააგეს და თამაშის ბოლომდე მდევრებად იქცნენ. მარკოიშვილი ბევრს ეცადა, მაგრამ მისმა აქტიურობამ მხოლოდ 3–5 ქულით თუ მიაახლოვა კიეველები დონეცკელებს.
მაშ ასე, „ბკ კიევი“ ფინალის მიღმა დარჩა და ახლა მესამე ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა იუჟნის „ხიმიკთან“. ბრინჯაოს სერია 18 მაისს დაიწყება.