მარკოიშვილის და გრინის 20–ქულიანი თამაშები

მარკოიშვილის და გრინის 20–ქულიანი თამაშები

ეს შაბათი საკმაოდ ბარაქიანი იყო ჩვენი ლეგიონერებისთვის. განსაკუთრებით კი მანუჩარ მარკოიშვილისა და ტორინ გრინისთვის, რომლებმაც თავ–თავიანთ კლუბებში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს და რაც მთავარია, წარმატებაში ლომის წვლილი დაიდეს.
 
         სერია A
მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ „სესარი დინამოს“ მასპინძლობდა და 98:77 გაანადგურა. ქართველმა ლეგიონერმა დიდებულად ითამაშა და 25 წუთში 22 ქულას მოუყარა თავი, რაც მიმდინარე სეზონში მისი საუკეთესო შედეგია. მანუჩარმა უკეთ ისროლა შორი დისტანციიდან: 5–დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ორქულიანი სროლებიდან 10–დან 5 გამოიყენა და 22 ქულით კანტუელთა ბომბარდირი გახდა. მარკოიშვილს ასევე 3 პასი და ამდენივე მოხსნა დაუგროვდა და ის მატჩის ერთ–ერთი საუკეთესო იყო. აქამდე მანუჩარის საამსეზონო მაქსიმუმი 18 ქულა იყო, რომელიც მან “ტერამოსთან” მიითვალა.
 
იტალიის ჩემპიონატში შაბათს სულ 2 მატჩი გაიმართა. ვიქტორ სანიკიძის „ბოლონია“ კვირას თამაშობს, თუმცა ქართველ ლეგიონერს ტრავმა აწუხებს და სავარაუდოდ მოედანზე ვერ გავა.
 
           ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ტორინ გრინი კანარიელებს ბომბარდირად მოევლინა. წინა მატჩში მან თავის გუნდს მადრიდის „რეალი“ დაამარცხებინა, ახლა კი ქართულპასპორტიანი ამერიკელის დახმარებით კანარიელებმა ბილბაოში იმარჯვეს – 75:72.
 
ტორინ გრინმა ბომბარდირობა არც ამჯერად დაუთმო ვინმეს. ის 33 წუთს იმყოფებოდა მოედანზე და თავის გუნდს 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. გრინმა 3–დან 2 ორქულიანი, 10–დან 4 სამიანი და 5–დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გრინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ბოლო წუთებზეც, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო.
 

ტორინ გრინი ბურთს საიმედოდ იცავს
 
კანარიელებს 6 მოგება და 4 მარცხი აქვთ და ისინი მე–7 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს გრინის გუნდი 11 დეკემბერს ნიკა ცქიტიშვილის „ლაგუნ აროსთან“ გამართავს. ამ ტურში კი ცქიტიშვილის გუნდი კიდევ ერთი ქართულპასპორტიანი მოთამაშის, ქუინტონ ქოსლის „ხუვენტუდს“ ხვდება. შეხვედრა კვირას, 5 დეკემბერს გაიმართება.
 
ბელგიის თასის გათამაშება
ბელგიაში სათასო მატჩები გაიმართა. თორნიკე შენგელიას „პეპინსტერმა“ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „დექსია მონსს“ უმასპინძლა და 72:65 დაამარცხა. შენგელიამ მიმდინარე სეზონის ერთ–ერთი ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. 19 წლის ქართველმა ფორვარდმა 22 წუთში 9 ქულა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 6–დან 4 ორქულაინი და 1–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. თასის გათამაშების საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა 8 თებერვალს „მონსის“ მოედანზე გაიმართება.
 
                  ესტონეთის ჩემპიონატი
გიორგი ცინცაძის „როკმა“ მოროგი გამარჯვება იზეიმა. ტარტუელებმა „ვალგას“ უმასპინძლეს და 99:70 მოუგეს. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე გატარებულ 15 წუთში 7 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. ცინცაძემ ოთხივე საჯარიმო და ერთადერთი ნატყორცნი სამქულიანი ჩააგდო, ერთი ორიანი კი ააცილა. „როკი“ 12 გამარჯვებითა და 1 მარცხით ესტონეთის ჩემპიონატს ლიდერობს.
 
        გერმანული ბუნდესლიგა
დამარცხებებს დასასრული არ უჩანს ლაშა გამყრელიძის „გიოსენისთვის“. ამჯერად ეს გუნდი შინ “გოტინგენთან” 79:85 დამარცხდა. ქართველმა გამთამაშებელმა 8 პასი კი ჩამოარიგა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გამყრელიძემ თითო ორიანი და სამიანი ჩააგდო, 5 ქულა დააგროვა და ამას 2 მოხსნა და როგორც ვთქვით, 8 პასი მოაყოლა. „გიოსენს“ 5 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და ბუნდესლიგაში მე–13 ადგილზე იმყოფება.