მარკოიშვილის “დარუშაფაკა” ევროლიგის ტოპ-16-ში წაგებით ჩაერთო

მარკოიშვილის “დარუშაფაკა” ევროლიგის ტოპ-16-ში წაგებით ჩაერთო

ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი წარუმატებლად დაიწყო მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“. სტამბოლური კლუბი მალაგაში „უნიკახას“ შეხვდა და მართალია ბრძოლაში, თუმცა მაინც დამარცხდა – 62:70.
ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომლის დაწყებამდეც მასპინძები მხოლოდ 1 ქულით – 54:53 იგებდნენ და საბოლოოდ გამარჯვებამდე მივიდნენ. მარკოიშვილი თამაშში სათადრიგოთა რიგებიდან ჩაერთო და მოედანზე 8:51 წუთი გაატარა. მანუჩარმა 1 ორქულიანი და 3 სამიანი ააცილა, შეხვედრა კი 2 მოხსნით და 1 ჩაჭრით – უქულოდ დაასრულა. სტამბოლელთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ სემიჰ ერდენმა დაძლია, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა.
ტოპ-16-ის ფორმატი შემდეგნაირია: პირველი ეტაპიდან გასული 16 გუნდი 2 ჯგუფში განაწილდა. 2 წრის, ანუ 14 ტურის შემდეგ თითოეულიდან 4 საუკეთესო გუნდი გავა, რომლებიც მეოთხედფინალებში დაწყვილდებიან. „დარუშაფაკას“ ჯჯგუფში მოხვდნენ: „უნიკახა“, „ფენერბაჰჩე“, „ეფესი“, „პანათინაიკოსი“, „ლოკომოტივ ყუბანი“, „ცრვენა ზვეზდა“ და „ცედევიტა“.
დღეს გათამაშებაში ჩაერთვება თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩა“, რომელიც სტუმრად „ჟალგირისს“ შეხვდება.