მარკოიშვილის დარუშაფაკამ სანიკიძის გუნდს ანკარაში სძლია

მარკოიშვილის დარუშაფაკამ სანიკიძის გუნდს ანკარაში სძლია

თურქეთის ჩემპიონატის მონაწილე 2 ქართველი ლეგიონერის გუნდები ერთმანეთს ანკარაში შეხვდნენ. ვიქტორ სანიკიძის „თედ კოლეჯლერმა“ მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკას“ უმასპინძლა. ორივე ქართველმა საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა, გამარჯვება კი მარკოიშვილის გუნდს დარჩა – 84:71.
პირველი პერიოდის 17:22 წაგების შემდეგ მასპინძლებმა მეორე ათწუთეული 5 ქულით მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი იყო. სტამბოლელებმა მესამე მეოთხედში მცირე უპირატესობა მოიპოვეს, რაც მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოოდ „დარუშაფაკამ“ 13-ქულიანი გამარჯვება იზეიმა.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე მათგანი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარკოიშვლიმა მოედანზე 24 წუთზე ოდნავ მეტი ხანი გაატარა და შეხვედრა 11 ქულით, 2 მოხსნით, 2 ჩაჭრით და  1 პასით დაასრულა. მანუჩარმა 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.
რაც შეეხება სანიკიძეს, ის მატჩის ერთადერთი მოთამაშე გამოდგა, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა. სანიკიძემ 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ სანიკიძის ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა, თუმც ვიქტორს მატჩში უმეტესი – 5 დაკარგვა ჰქონდა. სანიკიძის გუნდში საუკეთესო შედეგი (18 ქულა) ჯეი ლუკასს ჰქონდა, ხოლო გამარჯვებულ დარუშაფაკელებს 17 ქულით სკოტ ვილბეკინმა ულიდერა.
12 მოგებითა და 7 მარცხით მარკოიშვილის გუნდი ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო „თედ კოლეჯლერს“ პირიქით – 7 მოგების წილ 12 წაგება აქვს და 16-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზეა.