თურქეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გაიმარტა. ოთხშაბათს გაიმართა 2 შეხვედრა და ორივე ქართველი კალათბურთელების მონაწილეობით. მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკა“ სტუმრად „ტურკ ტელეკომს“ ეხვდა და 82:72 დაამარცხა, რის შემდეგაც თურქეთის ჩემპიონატში გალიდერდა.
მარკოიშვილმა მოედანზე 17:52 წუთი დაჰყო და სტუმრებს 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა. მანუჩარმა 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტამბოლელთაგან 10-ქულიან ზღვარს მილკო ბიელიცა (16), ჯორდან ვილბეკინი (13) და სემიჰ ერდენი (13) ასცდნენ, ანკარელებს კი 19 ქულით მარკის ბრაუნმა ულიდერა. ისიც ვთქვათ, რომ “არმიას” ყოფილმა წევრმა, ქართული პასპორტის მქონე ბენ ვუდსაიდმა “ტურკ ტელეკომს” 26:55 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
“დარუშაფაკამ” 8 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და როგორც მოგახსენეთ, ამ დროისთვის, პირველ ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს მარკოიშვილის გუნდი 27 დეკემბერს, შინ „ისთანბულთან“ გამართავს.