მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” “უნიკახა” დაამარცხა და ევროლიგის მეორე ეტაპს მიუახლოვდა

მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” “უნიკახა” დაამარცხა და ევროლიგის მეორე ეტაპს მიუახლოვდა

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“ ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის მე-8 ტურში პრინციპული მატჩი მოიგო და მომდევნო ეტაპისკენ გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ოფიციალურად ჯერ არ გასულა, თუმცა დარჩენილ 2 ტურშi დიდი მოულოდნელობა იქნება, თელ ავივის „მაკაბიმ“ მარკოიშვილის გუნდი ჯგუფში რომ ჩატოვოს.
„დარუშაფაკამ“ სტამბოლში ჯგუფიდან გასვლაგანაღდებულ „უნიკახას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 63:57 დაამარცხა. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 45:48 აგებდნენ, თუმცა ჰაერივით საჭირო გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გააკეთეს და სასურველი შედეგი დააფიქსირეს.
ქართველი უკანახაზელი სასტარო ხუთეულში იყო, თუმცა 12:35 წუთზე მეტი არ უთამაშია. ამ ხნის განმავლობაში მანუჩარმა 4 ორქულიანი ააცილა და მოედანი 3 პასით და 1 მოხსნით დატოვა. სტამბოლელებს რეჯი რედინგმა (19 ქულა) და მილკო ბიელიცამ (18) ულიდერეს.
4 მოგებითა და 4 მარცხით „დარუშაფაკა“ ჯგუფიდან გამსვლელ მე-4 ადგილზეა და მას 2 ქულით ჩამორჩება ისრაელის „მაკაბი“. დარჩენილ 2 ტურში მარკოიშვილის გუნდი ჯერ მოსკოვში ცსკა-სთან თამაშობს, ბოლოს კი სწორედ „მაკაბის“ მასპინძლობს.