მარკოიშვილის “გალათასარაიმ” მოსკოვში ცსკა-სთან ოვერტაიმში 1 ქულით წააგო

მარკოიშვილის “გალათასარაიმ” მოსკოვში ცსკა-სთან ოვერტაიმში 1 ქულით წააგო

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” მოსკოვში, ჯგუფის ლიდერ ცსკა-ს დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში არ გაუმართლა და დამატებით დროში – 85:86 დამარცხდა. ევროლიგის პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლ სტამბოლურ გუნდს მოსკოვში გამარჯვება დიდად შეეშველებოდა, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი უძიერესი გუნდის დამარცხება იოლი საქმე როდია და ეს მარკოიშილის გუნდმა ვერც მოახერხა.
არადა, მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და გამარჯვებული ვერც ძირითადმა დრომ გამოავლინა. მანუჩარ მარკოიშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო, თუმცა მისი სამქულიანი, რომელიც ქართველმა მსროლელმა ძირითადი დროის დასრულებამდე 1,29 წუთით ადრე ჩააგდო, სტამბოლელთათვის უმნიშვნელოვანესი იყო.

როცა ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 64:62 იყო, თითქმის 2 წუთის მანძილზე ვერც ერთმა გუნდმა ბურთის ჩაგდება ვერ მოახერხა. ერთ-ერთ ეპიზოდში სტამბოლელთა გამთამაშებელი კარლოს აროიო მოსკოველებმა შეავიწროვეს და პუერტორიკოელსა და რუს გოლიათ საშა კაუნს შორის სადაო დგება დაინიშნა. ჩია აროიოს კაუნმა სადაო კი მოუგო, მაგრამ ცსკა-ელის გადაგდებულ ბურთს პერიმეტრზე მანუჩარ მარკოიშვილი დაეპატრონა, რომელმაც დაუფიქრებლად სტყორცნა და ზუსტი სამქულიანით დასრულებამდე წუთნახევრით ადრე “გალათასარაი” 65:64 დააწინაურა.
სტამბოლელებს ბედმა მოგების რეალური შანსი უბოძა, როცა მოსკოველთა სერბმა გამთამაშებელმა მილოშ თეოდოსიჩმა ბურთი დაკარგა, მაგრამ “გალათასარაის” წევრებმა ეს ვერ შეირგეს. ბოლო წუთზე ჯერ  კარლოს აროიომ ააცილა სამქულიანი, შემდეგ კი მალიქ ჰერტსონმა შეტევაში მოხსნილი ბურთი არაზუსტად სტყორცნა. ამას მოჰყვა მასპინძელი ვიტალი ფრიდძონის სამქულიანი და 65:67 ჩამორჩნილი სტამბოლელები ზორან ერცეგმა გადაარჩინა, რომელმაც საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში სონი ვიმსმა ცსკა-ს მიჯრით 8 ქულა მიუთვალა და თითქმის ყველაფერი გაირკვა – ბოლო წუთზე მოსკოველები 84:77 იგებდნენ, თუმცა კინაღამ საოცრება მოხდა. მატჩის ბომბარდირმა, ზორან ერცეგმა სამქულიანი ჩააგდო, რასაც სტამბოლელებმა პრესინგი მოაყოლეს, თეოდოსიჩს ბურთი აართვეს და სინან გიულერიმ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 82:84. სტამბოლელებმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს, თუმცა ბოლო წამებზე ენდერ არსლანს ნერვებმა უმტყუნა და საჯარიმოს ხაზიდან 1 სროლა ააცილა – 85:86. დარჩენილ 11 წამში სტამბოლელებმა ტაქტიკური ჯარიმის აღებას პრესინგი ამჯობინეს, მაგრამ ამან არ გაამართლა და მარკოიშვილის გუნდი 1 ქულით დამარცხდა.
ქართველმა ლეგიონერმა 28 წუთი ითამაშა, საიდანაც მატჩის ბოლო 10 წუთი (ოვერტაიმიანად) მოედანზე გაატარა. მარკოიშვილმა ერთადერთი ორქულიანი ააცილა, 7 სამიანიდან კი 2 ჩააგდო და შეხვედრა 6 ქულით, 4 მოხსნით, 4 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა. “გალათასარაიში” და მთლიანად მატჩში საუკეთესო ზორან ერცეგი იყო, რომელმაც 9-დან 7 სამიანი ჩააგდო და მატჩი 35 ქულით დაასრულა. ცნობისთვის, ერცეგი წინა სეზონში ცსკა-ში თამაშობდა და მოსკოველებმა ის გუნდიდან გაუშვეს.
დღესვე, “გალათასარაის” კონკურენტმა “ლოკომოტივმა” მადრიდში “რეალთან” 55:81 წააგო. ბოლო ტურში “ლოკო” “ბაიერნს” უმასპინძლებს, ხოლო “გალათასარაი” სტამბოლში “პარტიზანს” ეთამაშება. საინტერესოა, რომ “ლოკომოტივს” და “გალათასარაის” ურთიერთშეხვედრებში თანაბრობა აქვთ – ორივე მატჩი სტუმარმა გუნდმა 1 ქულით მოიგო. როგორც ჩანს, ჯგუფში მეოთხე ადგილისა და შესაბამისად, პლეი ოფის საგზურის მფლობელი, ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იქნება. რაკი პირად შეხვედრებში თანაბრობაა, თანაბარი ქულებსი დაგროვების შემთხვევაში ყველაფერს ბურთების საერთო შეფარდება გადაწყვეტს, რომელიც ამ ეტაპზე “გალათასარაის” 24 ერთეულით უკეთესი აქვს.