მანუჩარ მარკოიშვილმა ისტორიული მატჩი ჩაატარა. აქამდე ევროლიგაში, მით უმეტეს, მის მეორე ჯგუფურ ეტაპზე, არც ერთ ქართველს ასე შედეგიანად არ უთამაშია. ტოპ-16-ის დასკვნით ტურში, ანუ მიმდინარე სეზონში ევროლიგასთან გამოსათხოვარ მატჩში, მარკოიშვილმა ბომბარდირული თვისებები ბოლომდე გამოავლინა და კაუნასში გამართულ შეხვედრაში „ჟალგირისს“ 32 ქულა ჩაუგდო. თავისი სიტყვა თქვა და მარკოიშვილის შემდეგ კანტუელთაგან ყველას აჯობა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ქართველების ბრწყინვალე თამაშმა „კანტუს“ 77:71 მოაგებინა.
მარკოიშვილმა ჩვენს ვებ-გვერდთან ინტერვიუში 1 კვირის წინ განაცხადა, რომ სტაბილურობა აკლია და მიმდინარე სეზონის ბოლომდე ეცდება თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას. მანუჩარმა ამ მხრივ უდიდესი ნაბიჯი გადადგა და მთელს ევროპას დაუმტკიცა, რომ უმაღლესი დონის კალათბურთელია. ქართველი უკანახაზელი ლამის შეუჩერებელი იყო. რაკი მანუჩარი ქულებს იოლად აგროვებდა, მწვრთნელს მისი მოედნიდან გაყვანა არ სურდა და მთლიანობაში მხოლოდ წუთი და 13 წამი დაასვენა. ესეც მეორე რეკორდი: ევროლიგის ისტორიაში ერთ მატჩში ამდენ ხანს არც ერთ ქართველს არ უთამაშია.
მარკოიშვილი ბურთის გათამაშებაზე მეტად კაუნასელთა ფარის რბევით იყო დაკავებული. მან 7 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ზონიდან 10 ცდიდან 5 მოათავსა მასპინძელთა კალათში. მანუჩარმა შესაშური სიზუსტით ესროლა საჯარიმოები – ცხრავე ტყორცნა ჩააგდო და მთლიანობაში 32 ქულა დააგროვა. ამას გადრა მარკოიშვილს 2 პასი, 2 მოხსნა და 3 ჩაჭრა ჰქონდა. კიდევ ერთი შთამბეჭდავი შედეგი ისაა, რომ მოედანზე ყოფნის ლამის 39 წუთის განმავლობაში მას ბურთი არ დაუკარგავს.
შერმადინმა 25 წუთს ითამაშა. თანამემამულის აქტივობამ გიორგისაც ფრთები შეასხა და მან 16 ქულას 8 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა. 8-დან 3 ორქულიანი და 11-დან 10 საჯარომო – ესაა შერმადინის სროლათა სტატისტიკა. ბოლო მეოთხედში ქართველები მოედანზე იყვნენ და დაძაბულ ორთაბრძოლაში „კანტუს” გამარჯვება მოაპოვებინეს.
ძალიან მცირე შანსია, რომ მარკოიშვილს ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მიღებაში ვინმე შეეცილოს. შერმადინმა ამას წინათ დიდებულას ითამაშა და ტურში საუკეთესო საერთო სარგებლიანობის ინდექსი დააფიქსირა, მაგრამ რაკი მისმა გუნდმა წააგო, MVP-იდ სხვა დაასახელეს. ეხლა ეს სავარაუდოდ აღარ მოხდება, რაკი მარკოიშვილის (სარგებლიანობის 35 კოეფიციენტი) თამაშმა „კანტუს“ გასვლითი მოგება განაპირობა.
დასანანი ისაა, რომ “კანტუ” მეოთხედფინალის მიღმა დარჩა. იტალიურმა კლუბმა ასპარეზობა 3 მოგებითა და ამდენივე მარცხით დაასრულა. ბარსელონაში გამართულ ჯგუფის მეორე მატჩში თელ-ავივის “მაკაბიმ” 67:70 წააგო და ებრაულ გუნდსაც 3–3 მოგებ–წაგება დაუგროვდა. ყველაფერი ურთიერთშეხვედრებმა გადაწყვიტა. მაკაბელებმა რამენიმე ჩაგდებული ბურთით აჯობეს ქართველების “კანტუს”.
მაშ ასე, „კანტუსთვის“ ევროსეზონი დასრულდა. ევროლიგაში სადებიუტო სეზონში კანტუელებმა ბრწყინვალე შედეგს მიაღწიეს – პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და მეოთხედფინალში გასვლამდე სულ მცირედი დააკლდათ. რაც გამორჩეულად სასიამოვნოა, ამ წარმატებაში ქართველების წვლილი უდიდესია.
H ჯგუფი
ბარსელონა
6
0
430
384
46 12
მაკაბი
3
3
427
425
2 9
კანტუ
3
3
420
426
-6 9
ჟალგირისი
0
6
429
471
-42 6
ჟალგირისი – კანტუ: მატჩის ვიდეომიმოხილვა