მანუჩარ მარკოიშვილის წინამძღოლობით „ბენეტ კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატის ლიდერი „არმანი ჯინსი“ დაამარცხა. მილანური გუნდი სერია A-ს „სიენასთან“ ერთად ლიდერობდა, თუმცა ქართველებით გაძლიერებულ კანტუელებთან 54:79 განადგურდა.
საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები მოედანზე საუკეთესონი იყვნენ.
სასტარტო ხუთეულში მარკოიშვილი გამოჩნდა და საბოლოოდ, მატჩი საუკეთესო ეფექტიანობის კოეფიციენტით (19) დაასრულა. მანუჩარმა 24 წუთში 7-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 17 ქულას 6 მოხსნა და 3 პასი წაამატა. მარკოიშვილს ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს, რაც მის შედეგიან ასპარეზობას მეტ ხიბლს ჰმატებს.
გამარჯვებაში თავისი, საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი დაიდო შერმადინმაც (კოეფიეციენტი 14), რომელმაც 10 ქულის, 4 მოხსნისა და თითო-თითო ჩაჭრა-დაფარების მოსაგროვებლად მხოლოდ 14 წუთი იმყოფინა. ქართველმა ცენტრმა ოთხივე ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. კანტუელთა მხრიდან ათქულიან ზღვარს მაარტენ ლეუნენი (14), ვლადიმირ მიკოვი (13) და ნიკოლას მაძარინოც (11) გადასცდნენ.
7 მოგებითა და 5 მარცხით „კანტუ“ მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. დღეს ტურის დანარჩენი მატჩები გაიმართება. ვიქტორ სანიკიძის ”კანადიან სოლარი” ტრევიზოს ”ბენეტონს” უმასპინძლებს, ნიკა მეტრეველის ”ბანკო დი სარდინია სასარი” კი ”მონტეგრანაროსთან” სტუმრად გამართავს შეხვედრას.