მარკოიშვილის 25 ქულა “რეჯიო ემილიას” ბოლონიაში მოსაგებად არ ეყო

მარკოიშვილის 25 ქულა “რეჯიო ემილიას” ბოლონიაში მოსაგებად არ ეყო

მანუჩარ მარკოიშვილის სუპერმატჩი იტალიის სერია “ა”-ში. ქართველმა მსროლელმა “რეჯიო ემილიაში” 25 ქულა ჩააგდო, თუმცა თავისი გუნდის გამარჯვებას ეს შედეგი არ ეყო. აღსანიშნავია, რომ მანუჩარმა 25 ქულა “რეჯიო ემილიაში” მეორედ მოაგროვა.

რეჯიოემილიელები სტუმრად “ვირტუს ბოლონიას” შეხვდნენ და 10 ქულის სხვაობით – 75:85 დამარცხდნენ. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ქართველმა ლეგიონერმა აჩვენა. მარკოიშვილმა 10-დან 6 სამქულიანი, 5-დან 1 ორიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად მანუჩარს 25 ქულა მოუგროვდა, რასაც მან 9 მოხსნა და 4 პასიც მოაყოლა და მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ამდე გაზარდა. ემილიელთაგან მანუჩარის შემდეგ 11 ქულით ჯულიან რაიტი გამოირჩა.

ბოლონიურ კლუბში 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მარკუს სლაგტერი. ალესანდრო ჯენტილემ და ფილიპო ბალდიმ 14-14 ქულა მოაგროვეს. მარკოიშვილის ძველი თანაგუნდელი და მეგობარი პიეტრო არადორი 9 ქულას დასჯერდა.

5 მოგებითა და 10 მარცხით “რეჯიო ემილია” 16-გუნდიან სერია “ა”-ში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩი მარკოიშვილის გუნდს 20 იანვარს , შინ ჩემპიონატის ლიდერ “აველინოსთან” ელის.