უკრაინის ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმა”, რომელმაც პირველი წრის წაუგებლად გასრულების შემდეგ პირველივე შემხვედრს დაეჩაგვრინა. კიეველებმა 3 დღის წინ დონეცკში იქაური გუნდი უკრაინის სათასო მატჩში იოლად დაამარცხეს, წუხელ კი დედაქალაქელები უკვე სუპერლიგის ეგიდით შეხვდნენ მეშახტეთა გუნდ და… 68:87 შერცხვნენ.
მანუჩარ მარკოიშვილი
მარკოიშვილმა 24 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუმ საჯარიმოს ხაზიდან და სამქულიანი ნიშნულსმიღმიდან სროლა არ ააცილა – ერთი სამიანი და 2 ჯარიმა ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან განხორციელებული 5 ტყორცნიდან კი ორმა მიაღწია მიზანს.
კიეველებმა პირველი მეოთხედი 12 ქულით წააგეს, მეორეშიც ვერ გამოასწორეს ვითარება და დიდი შესვენებისთვის უკვე 17–ით ჩამორჩებოდნენ დონეცკელებს. საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც ვერ მოახერხეს თამაშის სათავისოდ შემობრუნება და ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნიეს.
ეს ტრაგედია ნამდვილად არ იქნება კიეველებისთვის,ისინი უკრაინულ სუპერლიგას მაინც ლიდერობენ, ხოლო დონეცკელებთან 1 კვირაში განმეორებითი სათასო მატჩი ელით და იმედია, სტუმრად მოპოვებულ უპირატესობას არ გაანიავებენ და ნახევარფინალში გაივაკებენ.