მარკოიშვილის ყველაზე შედეგიანი ოფიციალური მატჩი ცსკა-ს შემადგენლობაში

მარკოიშვილის ყველაზე შედეგიანი ოფიციალური მატჩი ცსკა-ს შემადგენლობაში

მანუჩარ მარკოიშვილმა მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა ლეგიონერმა მშვენიერი წინასასეზონო მატჩები ჩაატარა, თუმცა ოფიციალურ მატჩებში მის შედეგიანობას ტრავმამ შეუშალა ხელი. ვითიბი ლიგის მორიგ ტურში მანუჩარმა თავი გამოიჩინა – მან მინსკში, „ცმოკისთან“ 109:68 მოგებულ მატჩში 20 ქულა მიითვალა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში – 27:08 წუთი ითამაშა და არმიულ გუნდში, შესაბამისად მთლიანად მატჩში საუკეთესო იყო. მანუჩარმა 2-დან 2 ორქულიანი, 9-დან 5 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად ქართველ უკანახაზელს 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი ერთადერთხელ დაკარგა.

მარკოიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 ერთეული შეადგინა და ეს შედეგი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ცსკა-ს შემადგენლობაში მანუჩარის კვალზე 17 ქულა ჰქონდა პაველ კორობკოვს, 16 – ანდრეი კირილენკოს, ფრანგმა ნანდო დე კოლომ 12 ქულა მიითვალა.
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, თუმცა ცსკა-ს პირველი ადგილი განაღდებული აქვს და მეოთხედფინალურ სერიაში, რომელში გამარჯვებაც 3 მოგებამდეა, მერვეადგილოსანს შეხვდება. მეოთხედფინალურ სერიაში ცსკა-ს სავარაუდო მეტოქე ტალინის „კალევი“ იქნება. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურს ცსკა 26 აპრილს, შინ სარატოვის „ავტოდორთან“ გამართავს.