თურქეთის ჩემპიონატში მოედნის უპირატესობა დაიბრუნა მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ”. სტამბოლურ დერბიში მარკოიშვილის გუნდმა “ბეშიქთაშთან” ჯერ შინ წააგო, მეორე შეხვედრაში კი სტუმრად იმარჯვა და სერიის მე-3, გადამწყვეტ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს.
პირველის მსგავსად, წუხანდელი შეხვედრაც 2-ქულიანი სხვაობით დასრულდა. დაძაბულ და ემოციურ დაპირისპირებაში “გალათასარაიმ” 66:64 იმარჯვა. ქართველმა ფორვარდმამოედანზე 15:24 წუთი გაატარა და 8 ქულასთან ერთად 2 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანიკი ააცილა.
ყველაზე მთავარი რაც არის, მარკოიშვილმა მატჩის ბოლო 2 წუთში 2 სამქულიანი ჩააგდო. ქართველმა უკანახაზელმა თავისიანები ჯერ 62:59 დააწინაურა, ბოლო წუთზე კი ზუსტი სამიანით ანგარიში 65:62 გახადა.
სერიის გადამწყვეტი მატჩი 20 მაისს, “გალათასარაის” მოედანზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში “ბანვითს”შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალური სერია 2:0 მოუგო “თოფაშს”.