მარკოიშვილისა და შერმადინის გუნდებმა ევროლიგის პლეი მარცხით დაიწყეს

მარკოიშვილისა და შერმადინის გუნდებმა ევროლიგის პლეი მარცხით დაიწყეს

ევროლიგის პლეი ოფში, რომელშიც კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდი გავიდა და ერთმანეთს ოთხთა ფინალში გასვლას ეცილებიან, ქართველი კალათბურთელების გუნდები დამარცხდნენ. გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” მადრიდში” რეალთან” 71:88 წააგო, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” “ბარსელონასთან” განადგურდა – 61:88.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მას მხოლოდ 10 წუთი დაეთმო. ქართველ ცენტრს უროგოდ არ უთამაშია, 3-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა 5 ქულით დაასრულა, რასაც 1 მოხსნა მოაყოლა. ოლიმპიაკოსელთაგან 18 ქულით ვასილის სპანულისი იყო, მადრიდელთაგან კი რუდი ფერნანდესი (20 ქულა) და ნიკოლა მიროტიჩი (15) გამოირჩნენ.
ბარსელონაში გამართულ მატჩში მარკოიშვილმა სასტარტო ხუთეულში, 26:14 წუთი ითამაშა და 3 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მანუჩარმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. სტამბოლელთა გუნდში საუკეთესო 14 ქულით კარლოს აროიო იყო, რომელიც დაშავდა და მომდევნო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მეოთხედფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება. მომდევნო მატჩები 17 აპრილს, კვლავ ბარსელონასა და მადრიდში გაიმართება.