მარკოიშვილისთვის სეზონი უტიტულოდ დასრულდა

ტიტულებს ნაჩვევი მანუჩარ მარკოივილისთვის სეზონი უმედლოდ დასრულდა. იტალიაში, სლოვენიაში და უკრაინაში მას სეზონი მედლის გარეშე არ ჩაუტარებია, თუმცა ამ მხრივ ამჯერად საქართველოს ნაკრების უკანახაზელს არ გაუმართლა. მისმა „ბკ კიევმა“ უკრაინის ჩემპიონატის მესამე ადგილი იუჟნის „ხიმიკთან“ დათმო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წუხელ კიეველებმა იუჟნიში 73:91 დათმეს და საბოლოოდ სერია 1:3 წააგეს.
ვთქვით, რომ ტიტულების მხრივ ეს სეზონი წარუმატებელი იყო მარკოიშვილისთვის, თუმცა, პირადად მისი კარიერისთვის ეს იყო დიდი გამოცდილებისა და სტატისტიკის გაუმჯობესების სეზონი. გუნდიდან ლეგინერების წასვლის შემდეგ მანუჩარს სათამაშო დრო საგრძნობლად გაეზარდა და მისი შედეგიანობაც ამაღლდა. მან უკრაინის სუპერლიგის 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 13,4 ქულას აგროვებდა.
ბოლო შეხვედრაში მარკოიშვილმა 39,34 წუთი ითამაშა, ანუ ფაქტობრივად შეუცვლელად ჩაატარა შეხედრა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 19 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი შედეგია, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს ქართველ კალათბურთელს და „ბკ კიევმა“ სეზონი უმედლოდ დაასრულა.
სეზონის დასრულებასთან ერთად მანუჩარს კიეველებთან კონტრაქტიც დაუმთავრდა და სავარაუდოდ ახალ კლუბს მოძებნის.